მაძღართათვის


ცხელოდა.
მუცელზეხელებშემოწყობილი იჯდა ღამე და
ფოჩიან სიზმრებს არჩევდა.
გიჩვევდი, როგორც იჩვევენ წარსულს,
როცა წასვლამდე მართლდება დრო და
როცა სტუმარი გზას ართმევს წამსვლელს,
როცა ამ სტუმარს ვეღარ ირჩევენ,
რადგან პირამდე სავსეა ტანი -
შემთხვევითი უამინდობით.
მიჩვევდი, როგორც იჩვევენ აწმყოს,
როცა მომავალს წყალში აქვს თვალი,
როცა წარსული არ გინდა. გახსოვს.
წამსვლელი მოვა
მომსვლელი წავა
დასასრულისკენ აპარებ თვალს და
ისევ თავიდან გადათვლი წამებს.

ეს მერე იყო.
აქ დავასრულეთ.
ერთხელ. ორჯერ. ათიათასჯერ.
ავტორი მე ვარ.

ჭრელია შენი სიჩუმე.
როცა სტომაქში ერთად იყრი
ძველ კარამელებს -
ნათაგური გეტყობა ტუჩზე.
დაჭიანებულ დედამიწას კბილი ჩამოტყდა
„ავის ნიშანი არისო“ - ღამემ.
ყველა სიზმარმა წაიღოს წყალი
და ტალღამ ზღვიდან კალმახივით გაისხმარტალოს
ხრიოკ ნაპირზე.
ახლა ასე სჯობს:
უცებ უხეშად მომხვიო ხელი -
სიზმარივით რომ არ გაგისხლტე.

ეს ადრე არის.
აქ ვგრძელდებით.
ერთხელ. ორჯერ. ათიათასჯერ.
ავტორი შენ ხარ.

ჩამომიტეხე ერთი დღის და ღამის მადლი -
უნდა დავნაყრდე.
ვინც მაძღარია იმან იკითხოს.
ვინც ვერ დანაყრდა - მისთვის მადლია.
გადამწიფებულ ხურმის ხეებს
მატლი გაუჩნდა.
კარმა სტუმარი შემოაღო
და პირმაღიდან ქრის ჩრდილოეთი -
ცივა. ქარია.
აქ, მერე ღამე დაჯდება და ფოჩიან სიზმრებს
მშიერთათვის ჩამოარიგებს.
შაოსან ქალებს წლების სევდა დაუწვრილდებათ,
სველ თვალის გუგებს მტვრით და დროით ამოივსებენ
„სტუმარი ღვთისაა“ - იტყვიან და
ჩვენ უბრალოდ გაგვეცინება,
რადგან ან წრეზე ყველა კარი ჩაკეტილია.

ეს გვიან იყო. მაშინ, როცა
წამსვლელს უთმობს სავალს სტუმარი,
როცა შენ იცი, რომელ დროში უნდა მიპოვნო,
როცა პირამდე სავსეა ტანი
შემთხვევითი უამინდობით,
და დამნაშავე გზები სადღაც იძებნებიან.

უავტოროა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი