.. როცა მივუბრუნდებით ჩვენს ცხოვრებებს


ერთხელ, როცა მივუბრუნდებით ჩვენს ცხოვრებებს
და იქ ფეხის მოსანაცვლებელი ადგილიც აღარ დაგვხვდება
როცა თითის წვერებზე ავიწელებით და 
უხერხულად გადაგრეხილ კისრებს ერთმანეთის ზურგებში შევმალავთ
როცა ენიდან რიგ-რიგობით დაგვცვივდება სხვების ცხოვრების ამბები
ამბები, რომლებშიც ჩვენ ვიცხოვრეთ, დავიღალეთ 
და მოჭმუჭნულსახეებიანებს სიბერე დაგვავიწყდა
სიბერე, რომელიც უფრო მეტი ცხოვრებისეული სიკეთეა
ვიდრე ქრონიკული ახალგაზრდობა
და ამ უმწიფარი ახალგაზრდობის შემთხვევითობაში გადარჩენილებს 
ერთხელაც გაგვახსენდება
რომ ვიცხოვრეთ მარადიულ აბსურდში
და ეს მარადიულობა
მხოლოდ სხვების ნაცვლად სიყვარულს, სიძულვილს 
კარის გახსნას და დახურვას კი არ გულისხმობდა
არამედ გულისხმობდა ძვალგამოცლილ საკუთარ თავს
რომელშიც ვერაფრით მოვთავსდით ისე
რომ ჩვენ-ჩვენ „ოთახებში“დავრჩენილიყავით
და ერთხელ, უცებ ამ მარადიულ სისულელეში გავხდებით 
ისეთი გასაოცრად ჭკვიანები და მრავალჭირგამოვლილები
რომ საკუთარი გამძლეობა თვალების ბუდეებიდან გადმოვარდნამდე გაგვაოცებს
და ფეხისმოუნაცვლებლად
საკუთარ ცხოვრებაზე გადაბიჯებით ვიტყვით:

მორწმუნენო, ნახევრად, ან სულაც არ.
გულმოწყალენო, ან სიკეთის სახელით საკუთარი სახელის დამამკვიდრებელნო
მორალის მქადაგებლებო და ჯვარს ამოფარებულებო
ან ემანსიპირებულებო და ჩაგრულის მდგომარეობით ხიბლში ჩავარდნილებო
ან თითგაშეშებულო საფრთხობელებო
ან თავმდაბლობის ნიღაბშემოხვეულო ალტრუისტებო
როგორ გულისამრევია ეს მოგონილი კეთილშობილება რომ იცოდეთ
როგორი არაფრისმომცემია ეგ თავზე ხელის გადასმა რომ იცოდეთ
ჩემო თავისუფლებისთვის მებრძოლო მეგობარო
რამდენჯერ უნდა გაიხადო და ჩაიცვა
და მეც რამდენჯერ უნდა გამხადო და ჩამაცვა ეგ ათასჯერ დაღეჭილი და გადაფურთხებული თავისუფლება
სამშობლოზე უიმედოდ შეყვარებულებო
რამდენჯერ უნდა გადმოვყაროთ ნაწლავები
ჩვენი მეორადი სამშობლოს სიყვარულის სახელით
„აბლი-ბაბლი-ოქროს ტახტი“
ჩემო პატრიოტო მეგობარო,
სად არის „მეფე“?
ჩემო ეპატაჟის მოყვარულო მღვდელო,
არც მეფეა. არც ბარკალი. არც ღმერთი.
შეგვიძლია ამოვისუნთქოთ.
ჰოდა, ერთხელ,როცა მივუბრუნდებით ჩვენს ცხოვრებებს
უცებ ამ მარადიულ სისულელეში გავხდებით იმაზე უფრო სულელები
ვიდრე შეიძლება ადამიანი იყოს
მოჭმუჭნულსახეებიან თავებს მოვინატრებთ
და ვიტყვით:

დაბერდი, ადამიანო.
შეძელი და საკუთარ თავში და ცხოვრებაში დაბერდი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი