0 911

.. ახლა ყველა გზა უასაკოა


და რადგან ახლა ყველა გზა უასაკოა
და რადგან ახლა ყველა ღმერთი მკვდარია
და რადგან ახლა ყველა სახლი დანგრეულია
და ყველა კედელი დანგრეულია
და ყველა ფანჯარა ამოქოლილია
და რადგან ახლა შემიძლია მიყვარდე
და რადგან ახლა შემიძლია არც მიყვარდე
ან არაფერი შემიძლია
ან შემიძლია არაფერი
ან ქათმის ფეხებზე შედგომა შემიძლია
ან ქათამივით კაკანი როცა კვერცხს დადებს
და რადგან ახლა შეცდომებიც შემიძლია
და შემიძლია პატიებაც თუნდაც უაზრო
და რადგან ახლა სულ არაფრის არ მრცხვენია
და რადგან ახლა არც ღალატის არ მრცხვენია
და რადგან ახლა შემიძლია გული გავიხადო
და რადგან ვიცი ადამიანი სუსტია
და რადგან ვიცი შეცდომებიდან გაქცევა
უნდა ადამიანს რადგან სუსტია
რადგან უნდა რომ სადმე დასახლდეს
რადგან სახლიდან შორს ვერ მიდიან
რადგან პურის სუნი მასთან წოლას ჰგავს
რადგან შვილები ჩვენგან მიდიან
რადგან „შვილები“ მათგან მივდივართ:

ხომ არ გაცივდი. თითები ხომ არ მოგეყინა. ხმა
ხომ არ ჩაგიწყდა. ზამთარი ხომ არ მოგერია. შენ
აქ არა ხარ. სხვა ზამთარია. სხვა. ხელს
ვერ აუქნევ. გულს ვერ აუხვალ. გზას
არ გიტოვებს გადარჩენის, - დღე.
ხომ არ გაცივდი. თითები ხომ არ მოგეყინა. შენ.

და მოვდიოდე. მოვდიოდე, და. ვერ ვუსწორებდე
ვერ ვაწვდენდე თვალს. ამ ჩემს პატარა და წყალნაკლულ ჭას.
და ვბრუნდებოდე გასაყართან. შენ
ტრიალდებოდე. ბრუნდებოდე. ზურგს
უკან მთელი სიცოცხლეა. ხვალ
უნდა გათენდეს. ამოივსოს ცა.

მე ვერ დავბრუნდი. მოლოდინის მაგივრად, - ქვებს
გულში ვიწყობდი. გულაწეულს მეჭირა მზე. სად
მიირწევა. სად იწელება დრო. მე
ვერ ვაკავებ. მე ვეღარ ვუძლებ. ქარს
როგორ მოჰგავს დედამიწა. და
ვერ დავუბრუნდი. ვერ დავბრუნდი. და...

და მაშინ როცა ხმელეთიდან მოვდივარ მე
ქათმის ფეხებზე შემომდგარი მე
ქათმის ფეხებით რეზინობანას მოთამაშე მე
მე რომელმაც მოვიგონე ადამიანი და ადამიანში სევდა
და მე რომელმაც მოვიგონე მოკლე კაბების დაგრძელება
და გრძელი კაბების დამოკლება და მოკლე კაბების ქვეშ
ფერადი საცვლების გამოჩენა და
შემთხვევით გაჩენილი ბავშვების ცხოვრება და 
ადამიანების დატოლება და
ვალდებულებების გაჩენა და 
სიყვარულის გაზედმეტება და სიყვარულისგან დახრჩობა და 
საკუთარი თავის მობეზრება და
სხვების მობეზრება და სიყვარულში სიკვდილი
და საკუთარ თავშიც სიკვდილი

და მაშინ როცა მოვდიოდე მე
საკუთართავდაკარგული მე
მე რომელმაც მოვიწყინე ადამიანი და ადამიანში ტკივილი 
და ტკივილში თავისუფლება
და თავისუფლებაში - არტახები
და არტახებში - ძილი
და ძილში გამოღვიძება,

-გეუბნებოდე:
ახლა ყველა გზა უასაკოა
ახლა ყველა სახლი დანგრეულია
და ყველა კედელი დანგრეულია და...
ხომ არ გაცივდი, შენ.
კომენტარები (0)