0 127

მედეა


მიწაა კოლხეთის...
აყოლებს შელოცვას მთების ორთქლს
მისანი დიაცი 
და თვალი ევსება ზაფრანით.
საღამოსმიწურულს 
მთვარე ცის მკლავებში ნებივრობს
ჰეკატეს ბაღებში დადიხარ-
სიკვდილთან დაზავდი.
ქარების კვალდაკვალ 
გრძნობების ქარტიებს ფანტავენ-
გრძნეული ხელები,
ქარიზმა ისეთი მძაფრია-
გაქცევა გინდება, 
ამიტომ შენეულ ფანტომებს
ქურუმად უდგები 
და მანამ დღე ღამეს გაჰყრია-
მუნჯდება სამყარო,
კეპავენ პელიასს შვილები
დრაკონის თვალები- 
მძინარე მცველები საუნჯის
ჭიშკართან დატოვე,
სიყვარულს ასეთი სჭირდები
გრძნობების კასკადით
გრძნობების სიმძაფრით
სიმუნჯით.
იშვილე სიკვდილი-
შენივე საშოდან ნაშობი,
აყოლებს შელოცვას 
მთების ორთქლს დიაცი- 
მოხვედი?!
ბინდდება, ამ ეპოსს 
უკვე რა ხანია დავშორდით
ღალატი!
ღალატი!
შვილმკვდარი
მიწაა კოლხეთის...

თქვი: ”რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?”…
კომენტარები (0)