პარანოიალური ლოცვა


I

ისე შორია ამ კედლიდან ბნელი ტყეები,
გამხმარ ტოტებზე სინდისივით რომ შერჩენიათ ყოფიერება,
ჭაობებიდან ამოსული მოჩვენებები,
ყოველ ცივ ღამეს ოთახებში რომ შემოდიან
და გაწეპილი მლაშე ენებით
შენს ეგზოტიკურ სიზმრებს ლოკავენ,
სანამ მარტივი მექანიზმით დასაქოქი მზე
წვრილი თითებით არ ჩამოკაწრავს
ჭერზე დახატულ პატარა ნავებს,
კეთილ მეთევზეს და ფერად კუბოს,
(რომელშიც მხოლოდ ბავშვებს აწვენდნენ).
გარეთ მახინჯი თეთრი სახლები
ცის სიახლოვით გაჭვარტლულან
და ასე ჩუმად უთვალთვალებენ სიცარიელეს …
თავისი ბრტყელი სახურავებით
ხის კენწეროებს უტოლდებიან,
ხანდახან ღმერთსაც...


II

აქ სიცივეა...
უპატრონო კატების მსგავსად
დარბის ტკივილი ძველ სახურავზე,
საკვამურიდან ძვრება ოთახში
და შიმშილისგან შემზარავად კნავის დილამდე.
ზოგჯერ დერეფნის სიმყუდროვეს ფხაჭნის ბრჭყალებით.
აქ სისველეა...
წვერებიანი ფსიქიატრი
ხელს უფათურებს კაბის ქვეშ გოგოს -
ახალ პაციენტს,
რომელმაც იმ დღეს
ჩემი ფეხების საპარსი ბრიტვით თავი მოიკლა.
სისხლი სდიოდათ მდინარეებს ონკანებიდან…
ის იწვა მშვიდად, -
ქვედა პალატის მეზობელი ობოლი გოგო,
სისხლჩაქცევებით ფეხისგულებზე,
ინდიგოს ფერი კოტონის კაბით...
მე ახლაც მახსოვს
როგორ ვხეთქავდით ეზოში ბუშტებს,
ფერად რეზინებს ვამაგრებდი დამტვერილ თმაზე
და მიწიანი ხელებით ვჭამდით პურის ნატეხებს
(თუ ბეღურები აღარ კენკავდნენ),
როცა გვშიოდა,
როცა შორს იყვნენ კედლებიდან ბნელი ტყეები
და ჭაობიდან ავარდნილი ბალახის სუნი.

მე ისიც მახსოვს,
სარკის სხვა მხარეს იდექი ხოლმე ჩაკეტილ კარში,
ჩემს ძველ ბალიშში წამლებთან ერთად გადამალული
შენი შიშები თავს მახსენებდნენ.
და მოგონილი ანგელოზები
ჩვენი ბავშვობის მელოდიებს გვასმენინებდნენ.
ასეთ დროს ძილი მერეოდა…
ასეთ ამინდში,
როცა ქარები ეჯახებოდნენ გაწელილ სახლებს,
ზედა პალატის მეზობელი უსახო ბიჭი
რადიოტალღის შიშინს ისმენდა.
ამბობდა, ვიღაც იცინისო
და ცივ ოთახში ჩასახლებულ სიცარიელეს
წყლის ბოლო ყლუპებს ასმევდა მუჭით.
იმ ღამით,
როცა პატარა გოგომ თავი მოიკლა,
მდუმარედ იჯდა თავდახრილი ქვის კიბეებზე
და დაწყლულებულ ხელისგულებს სულს უბერავდა...
სწორედ იმ ღამით,
განსაკუთრებით შორს რომ იდგნენ
ამ კედლებიდან ბნელი ტყეები,
სადაც ხის ტოტებს მაინც შერჩათ ცოტა სინდისი,
ჭაობებს სული,
და სიყვარული ნოტიო მიწას...


III

მე ვცხოვრობ სახლში,
სადაც საგნები ერთნაირია,
კედლები - ჭრელი...
შენ ახლა თითქოს ჩემი სახე გაქვს,
და მეც ხანდახან შენსავით ვსუნთქავ მძიმედ და მუცლით.
მზის ამოსვლისას ფარდებს ვაფარებ ხის ფერად ფანჯრებს,
ვამპირებივით ვემალები(თ) ირისის დილას.
მე ვხუჭავ თვალებს.
ასანთის ყუთში ჩაალაგეს წვრილი ხეები…
და ვხედავ ნისლებს თეთრ თოკებზე ჩამოკიდებულს…
და ცამდე გაზრდილ გაჭვარტლულ სახლებს
ნისლები სცვივათ აივნებიდან.


ახლა ციფრი ვარ მაღვიძარაზე...
მუხლებზე დაჩოქილს ჩემივე ჩრდილი თავზე მადგება.
ყოველ საღამოს,
ცხრა საათზე კივილს დავიწყებ... – 21:00
ეს წერტილები უკიდეგანო მაგისტრალია ჩვენს შორის, –
სივრცე ნულიდან თორმეტ ციფრამდე...

ონკანებიდან სისხლი მოსდით ცივ მდინარეებს,
ჟანგიან სიზმრებს ატარებენ სხვისი ცოდვებით.
მე მშვიდად ვწევარ აბაზანაში ინდიგოსფერი კოტონის კაბით,
სისხლჩაქცევებით ფეხისგულებზე.
და ვხედავ ნისლებს,
თეთრეულივით რომ ჰკიდია მილების ზემოთ.
სახლი, რომელიც არც კი გვქონია,
ფანჯარასთან დგას,
ხელს თუ გაიწვდი კარებს გააღებ.
და აჩრდილებით გავსებული ბნელი ტყეები
აღარასოდეს მოგენატრება.
ახლა დრო არის შეიზიზღო კოტონის კაბა სისხლის ლაქებით…
რადგან კედლები დაიბზარა ოთხივე მხარეს,
ელექტროსაათზეც ციფრებს მხოლოდ ნულის ფორმა აქვთ,
როგორც სიყვარულს დიდი ღმერთების ძველ ფორმულაში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი