ჩემი სახლი


როცა ნისლები დაიწყებენ კარის შემტვრევას
და ემბრიონის მსგავსად მოკუნტულს ოთახში მხოლოდ
უმიზეზო სიცოცხლე მრჩება,
(მეპატიება ალბათ სიკვდილიც
თუკი უკვე დევიანტი ვარ არსებობისთვის),
ძნელია სახლმა, ჩემით სავსემ, წყლები დაღვაროს.
ძნელია ცხრა თვე,
თუნდაც შვიდი მატაროს მუცლით
და შემდეგ ვიღაც უნაყოფო, ფსიქოპატ მოხუცს
მოსარჯულებლად მიაბაროს ჩემი სიზმრები.
და აღარასდროს გაიხსენოს არარსებული პანსიონის მდებარეობა.
მერე შემთხვევით,
როცა ტყეები ერთმანეთში გაცვლიან სეზონს,
გოგრების ნაცვლად დავუთესავ ბაღში
ნაცრისფერ, მკუხე შეგრძნებებს…
და უძილობით დასრესილი ღამის კადრები
შეეცდებიან სქელ კუბებად აეწყონ ჩემში…
იცი, ძნელია, ამაფხიკო ამ სახლის კედლებს,
ყოველ ხუთ წამში პლაცენტიდან ქარით რომ მკვებავს…
როცა ნისლები დალეწავენ კარის საკეტებს,
პირობითად მეცხრე თვის თავზე,
სახლი ამომგლეჯს დაძარღვული საშვილოსნოდან
და გათლილ ყუთში გამოკეტილს საჩუქრის მსგავსად
გადამგზავნის სხვა პანსიონში.
თუმცა უთუოთ დაავიწყდება მისამართის დაწერა ყუთზე.
თავისებური ინსტიქტი აქვს ჩემ პატარა სახლს,
დაკარგულ ნივთებს აღარასოდეს აღარ იბრუნებს…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი