0 135

The End


მინდორზე ჩამოყრილ მომწვანო თესლებს
ეკვატორისკენ ვერგაფრენილი ფრინველებიც აღარ კენკავენ…
ეს ტყვიებია…
მილიონობით დახოცილი ბავშვის სიზმრიდან რომ შემორჩა
ამ გამხმარ მიწას – უნაყოფოს
და დახეული დიდი ფოთლებით უხვად დაფარულს…
ეს ტყვიებია,
რომლის შიშითაც კიბე მიადგეს ღმერთების კოშკებს
და საპროტესო აქციაზე გამოტანილ გიგანტურ ბილბორდს
დააწერეს სიტყვა “არაფერი…”
ეს აღარ ჰგავდა გეების პარადს,
არც ანორგაზმიით გატანჯული ქერა ქალების ფემინისტურ დემონსტრაციას.
ეს ჰგავდა არაფერს…

ქოთანში ფესვგადგმულ ტყვიებს მე ყოველ დილით ვუსხამ წყალს
და ყავის სმისას ვაკვირდები როგორ მრავლდება მისი ნაყოფი.
მალე ალბათ მთელ ქალაქს მოედება...
და ეს იქნება უნიკალური მცენარე დედამიწაზე… -
უახლესი ეპიდემია,
და ჩვენ ვიქნებით უნიკალური გასართობი ამ მცენარისთვის…
და ალბათ მალე ჩვენc დაგვისხამენ წყალს,
რომ არსებობა აღარ შევწყვიტოთ…
მიწაში ჩაგვფლობენ და თიხის სახლზე დაგვაწერენ ერთნაირ სახელს.
ან საერთოდაც არ დაგვაწერენ ალბათ არაფერს…
მიწა იქნება მშრალი და მძიმე…
ჩვენ მოგვბეზრდება იმაზე ფიქრი, რომ
“ნეტარ არიან მგლოვიარენი რამეთუ მათია სასუფეველი…”
“ნეტარ არიან” თვითმკვლელნი
“ნეტარ არიან” მეძავენი
“ნეტარ არიან” უსახლკარონი,
რომელთაც არავინ არ ელოდება გამთბარ ოთახში…
“ნეტარ არიან” და e.t.c.…
მოგვბეზრდება რწმენა არაფრის…
და ჩვენ ვიქნებით არაფერი
და ეს იქნება არაფერი
და ნეტარ არიან არაფრის მთქმელნი
და ნეტარ იყვნენ არაფრის მქმნელნი,
რამეთუ მათია სასუფეველი ცისა
აწ და მარადისდა...
The end
კომენტარები (0)