0 95

ზამთრამდე


აქედან, ალბათ, რომელიმე უნდა გავიდეთ.
ეს დერეფნები ისე ვიწროა
და ოთახებში წყალი ჩამოდის.
წესით, ზამთრამდეც ვეღარ მივატანთ,
დიდთოვლობაზე ლაპარაკობს მოსახლეობა.
ყველა ფანჯარა ჩამსხვრეულია,
ხოლო საღამოს უცხოები გვითვალთვალებენ,
პროჟექტორივით გვანათებენ საკუთარ შიშებს
მღვრიე სივრციდან.
ასეთ დროს გასვლა ადვილია ძველი სახლიდან,
ნების გარეშე რომ დავსახლდით,
ერთმანეთისთვის არც კი გვიკითხავს გვსურდა თუ არა
გაყოფილი ტერიტორია ერთად დაგვეცვა.
ერთად დაგვერგო ხეები ბაღში,
რომლებიც მერე თმას გაიზრდიდნენ,
წყალს მოითხოვდნენ და
ერთმანეთზე მიჩვეულნი ტყეს დაბადებდნენ.
ჩვენ გვექნებოდა ჩვენი ხეები
და სიფხიზლისას ერთმანეთის სიზმრებს ვნახავდით
მათ სქელმერქნიან მუცლის ღრუებში.

ჰო, ამ სახლიდან რომელიმე უნდა გავიდეს.
ორივემ ვიცით, დაბრუნების ყველა სინდრომი
კარზე დავტოვეთ შავ-თეთრ ლაქებად
მდებარეობა რომ არ შეგვშლოდა,
რადგან გარედან ყველა კერა ერთნაირია.

და ჩვენ ორიდან რომელიმე უთუოდ წავა.
გზები თავისით მოგვძებნიან;
არ დაგვჭირდება უაზროდ დგომა გაჩერებაზე.
ხოლო ერთ-ერთი, ამ ოთახის შუაში მყოფი,
მიხვდება როგორ გაიზრდება კილომეტრები
სახლის კარიდან აჩქარებულ ნაბიჯებამდე.
მაგრამ ხომ ხედავ, რომ ყველა გზა მოყინულია...
და ამ სახლიდან დღეს ვერცერთი ვერ გავალთ გარეთ.
მე კარს ჩავკეტავ,
შენ ფანჯრები ამოაშენე!
კომენტარები (0)