ტელეგრამა


დღეს შენ იმდენად ამაყი ხარ,
რომ მეშინია გავუსწორო თვალი შენს კარებს,
უფრო მრცხვენია.
და კარდამონის თესლის ღეჭვით ვჯდები ხის სკამზე,
ხელისგულებს კი უხერხულად ვიფხან სუსხისგან.
შენი ყვითელი დღიურების ყველა ფურცელი ცარიელია,
ხორხში ნემსივით მფხაჭნის ხოლმე სიცარიელე,
ნერწყვსაც ვერ ვყლაპავ,
თითქოს ბლანტმა წყალმა დამახრჩო,
როცა შენს თითებს,
შენს ცივ თითებს ვგრძნობ ხერხემალზე ჩამომწკრივებულს.
და მიტოვების ყველა დოქტრინა ასანთით დაწვი,
სარკესთან დგახარ
და შენს უმანკო, ცივ ანარეკლს თვალს არ აშორებ.
შენი ოთახი მდინარისპირს ჰგავს,
სადაც ნარცისებს ვერაფრით რგავენ.
შენი სახლის წინ,
კაკტუსებით სავსე ეზოში,
გრძელ და სქელ თოკზე ფრიალებენ სუფთა ზეწრები,
ზედ რომ არასდროს დასრესილან სილუეტები.
ყველა სურვილი ხის ყუთშია გამოკეტილი და
სურვილები არ გადიან ღამით სახლიდან,
და იმ ტრამვაის, სხვა მხარეს რომ მიჰყავს მგზავრები,
დიდი ხანია აღარავინ ეძახის “სურვილს”,
ხოლო მთავარი პერსონაჟი საერთოდ არ ჰგავს სტენლი კავალსკის.
შენ ბარძაყებთან გადის გზა, სადაც
კდემამოსილნი “სიყვარულის რიტუალს” მართავენ.
და მაინც ლპეპი ნაოჭებით სავსე სხეულით,
ხოლო ეზოში ფრიალებენ თეთრი საცვლები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი