მეხუთე სეზონის ბალადა


შებინდებისას ჩემი სახლი პირს აღებს ხოლმე
და მხოლოდ მაშინ,
როცა წითელი ჯადოქრების სეზონი დგება,
მას შეუძლია გადაყლაპოს მთელი ოთახი
და დატბორილი საძირკვლების მეხსიერება.
მას შეუძლია ამოლოკოს უმოქმედობა,
საკვამურიდან ქარიშხლად რომ ბოლავს ზამთარში.
ამასობაში, მეც ვისწავლე გადმოგისროლო პირიდან,
როგორც გამხმარ ტოტებს ყრიან კოცონზე
ან ძველ ტანსაცმელს ფანჯრებიდან კეთროვანისთვის.
უსინანულოდ… -
შეჩვევის და ტკენის არქონით.
ამ პერიოდში ჩირდებიან თოკზე ციფრები,
და თაროებზე თოჯინები ნაკვთებს იცვლიან.
ყველა კედელი სამიზნეა მოჩვენებების.
უფრო სწორად კი,
მე ვიქცევი ერთადერთ საგნად,
რომლსაც მხოლოდ ნერწყვგამშრალი მკვდრები ყნოსავენ.
გრძელი ფრჩხილებით მედებიან ფეხისგულებზე
და ხერხემალი ვერ გრძნობს საყრდენს.
უნდა დავბრმავდე!
ახალ სეზონზე,
ბალახები წითლად თუ გახმა,
თუ მდინარეებს ამოუშრათ შესართავები,
ნუ მოიკითხავ ადგილს, სადაც ერთდროს ვსახლობდით.
სახიფათოა აქ შემოსვლა, -
აქ მკვდრები ვცხოვრობთ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი