ბალადა ცოლ-ქმარზე


მთებიდან დაეშვნენ უცხო მეგზურები
და ნისლით სავსე ჯამ-ჭურჭელი ჩამოამწკრივეს
სახლების გასწვრივ.
ჭაობის მხრიდანაც შემოვიდნენ,
მტვრიანი ქარით გატენილი ყუთები დადგეს შუა მინდორზე
და მზიდან მოსულ ქონდრისკაცებს თან გააყოლეს
თოთო ბავშვები.
მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი შვილიც,
პიონის სუნით ხელისგულებზე.
მთელი თვეები სისხლი მდიოდა,
რომ აქ წოლისას სამარხივით ამოგექოლა
ორივე ნესტო,
ორივე თვალი
დაგეთხარა შენივე ხელით.
ვერც კარდამონის თესლმა მიშველა,
ვერც მანდრაგორამ.
მღვიმეში უნდა გადაგემალე,
ხმელი ტოტები ფრჩხილებივით უნდა გემტვრია,
უსისხლოდ მყოფი სტელაქტიდად რომ არ ვექციეთ.
რა აღარ ქენი?!
წყალთან კოცონი გააჩაღე,
გველების მსგავსად მწოლიარე ჩემი შიშები
იქნებ სხვა მხარეს გაგეტყუა,
იქნებ დაგეხრჩო,
სლიპინა ტანზე გამოგება მათთვის ლოდები,
სანამ მგზავრები მოვიდოდნენ ქარების სტვენით.
რა აღარ ქენი?!
ახლა კლდის წვერზე უნდა აცოცდე...
ფეხის თითებთან სოკოებად ამოზრდილ ხალხში
ამოარჩიო ჩვენი შვილი,
უხილავადაც უნდა მიაგნო,
თორემ რძის ნაცვლად კერტებიდან საწამლავი მდის.
შენს ქვევით ღელვა ვეშაპებით კვებავს ცივ ჰაერს.
თუ ზღვას მარილი შემოაკლდა,
შენც გადაგყლაპავს
და თმის ყველა ღერს მუცლის ღრუში
ხავსად ჩაიფენს.
ჰაერის კიდე ციცაბოა დაბნელებისას.

აქედან მოჩანს,
კარგად მოჩანს მთელი კუნძული.
მღვიმიდან გასულს ამომევსო თვალის ღრმულები.
კუნძულზე ახლა სიჩუმეა,
სძინავთ ქვის ღმერთებს.
ავოკადოს ხეს წელს ნაყოფი არ გამოუსხამს.
ზღვა ღამღამობით კვებავს ჰაერს
ვეშაპის ხორცით,
მე კი საკუთარ თავს მივათრევ თმებით ნაპირთან,
რომ მოქცევისას უფრო მეტად გამიადვილდეს
შენთან დაწოლა
მოლუსკებსა და გვამებს შორის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი