გერდა


მივცურავთ. მხოლოდ მოტივტივე ყინულები ჩანს, -
ბროლის ბურთები, თუნდაც შაქრის დიდი ნატეხი.
დროც აღარ მახსოვს...
ეს ხანგძლივი მოგზაურობა მე მოვიგონე,
შენ არცერთი სიტყვა არ გითქვამს.
სქელი ხეებიც მე დავჩეხე, ნავად მჭირდება,
კუნძულებამდე მზის ჩასვლისას რომ ჩავაღწიო.
გზა დამღლელია... ქარიშხლები ძვრებიან ძილში
და ქსოვილებში სახლდებიან ინფექციებად.
შენ შეგიძლია არ გამომყვე,
ეს ვიწრო ნავიც საგულდაგულოდ შეგიძლია დამალო ჩემგან,
შენ შეგიძლია არ გამიშვა,
დაგაფრთხოს ფერმა წყლის ზედაპირზე,
ან პოლარულმა ნათებამ ღამით.
შენ უკვე იცი,
ეს უმიზნო მოგზაურობა ჩემი ბრალია,
თითქმის ერთი ვარ(თ),
(უჩვეულოდ ფითრდება კანი),
მიტოვებული ფრეზიებით ფერად ქოთნებში,
სამხრეთის მხარეს,
უზარმაზარ მზიან ფანჯრებთან.
მივცურავთ...
მხოლოდ მოტივტივე ყინულები ჩანს, -
ბროლის ბურთები,
თუნდაც შაქრის დიდი ნატეხი,
სწორედ ისეთი, ჩაის სმისას პირში რომ დნება
და სიტკბოებას ენიდან რომ მინაწილებდი.
ცივა... გეკრობი... წამწამებით ვესობი ჰაერს.
ჩემი სახელის თანხმოვნები ძალით შეგაბი,
მხოლოდ სამია – არ აგერევა.
ხმოვნებს თვითონვე, (უჩემოდაც), კანქვეშ დამალავ,
სხვის დიალექტზე საუბრისას დაგჭირდეს იქნებ,
იქნებ სხვის ენას გაურიო ბოლო ხმოვანი –
სხვისი ანბანიც იქ იწყება,
მე რომ ვმთავრდები.
ან იქნებ ძილში სხვისი ხილვა შემომაპარო,
ასწლეულია ყოველ ღამით ერთ რამეს ვხედავ –
ორი ფანჯარა...
გირლიანდები...
ჩვენი სამშობლო,
რომელიც ახლა შორს უთოვლო ზამთარს ისიზმრებს
და ძველ მთვარეზე საშობაოდ ჩვენ ორს გვნატრულობს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი