სილვია


(სილვია პლატს)

ჰაერს თითქოს გაუჭირდა შენით სუნთქვა…
თითქოს ფილტვში გაეჭედე…
ხედავ, გოთურ ნაგებობებს
როგორ ფართოდ გაუღიათ თვალები.
ასე სძინავთ…
არ ისუნთქო,
მზე იხრწნება ტბის ხელებზე დაყრდნობილი.
როგორ ცივა…
ლოლუები დაეკიდა სახლის კედლებს,
ყველა ოთახს,
შენი თმების მოტკბო სუნით რომ გაჟღინთე.
არ იწამო
სარკის ბზარში დანახული სილუეტი.
სუნთქვა გიჭირს…
მზე იხრწნება ნელი კვდომით,
სილვია…
ხედავ, ის ტყე,
ბავშვობიდან რომ გამოგყვა უცხო სიზმრად,
ნაჯახებით გაუჩეხავთ ტყისმცველებს.
გზები ისე იხლართება უსაშველო მანძილებად,
სიარული გაგიჭირდა
და დახეთქილ ფეხისგულებს
დაბადება მოენატრათ.
ჰაერს თითქოს გაუჭირდა შენით სუნთქვა…
თითქოს ყელში გაგეჩხირა სუიციდი.
ისევ ჟონავს სისხლი შენი ფანჯრებიდან…
არ ისუნთქო,
არ ისუნთქო,
არ ისუნთქო აგონია ამ ქალაქის.
მზე გაიხრწნა ნელი კვდომით,
სილვია…
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი