ავტოპორტრეტი

ვარ აზიელი; ამებურდა სიზმრებით თვალი;
კვლავ ეკვატორი მეცხადება; ხაშმით მაბრუებს;
ლომები ზანტით დაეძებენ, დაბურულ ღრუებს,
მძიმე თათებით ცხეელ სილაზე აჩნდება კვალი.
ინდოეთის წინ მოვიხადო მსურს ჩემი ვალი;
სადაც კერპები თვალჩასმული დასცქერენ რუებს;
ჩრდილოეთ ზღვების მარტოობა შავათ მაყრუებს;
ათასი წლები, Auto da fe, გზები უვალი!

ქვეყნიერებას მოვევლინე ცხვირგატეხილი,
ფერმკრთალი სახით, ხორციანი სქელი ტუჩებით;
ვატარებ ლორნეტს, დავიდარდე დიდი ქუჩებით!
ახ ნეტავ ქრისტეს ჩემი გული გადაეხილა -
თუ ვიქნებოდი მუდამ ასე, ცოდვილი. შავი,
მე ავზნიანი, დღენაკლული და საცოდავი!

წყარო: litklubi.ge