როგორ ვწერ? (3)


უდიდესი ბედნიერებაა შემოქმედება, ამავე დროს უდიდესი სიმძიმილის მომგვრელიც. რომანის წერის

 პროცესსში შემოქმედს პერმანენტული აღტყინების გადატანა უხდება, ამ ხანგრძლივი ჭვრეტის პროცესსში

 ცხოვრების ამბები მირაჯებად გეჩვენებიან.

ენერგიის უდიდესი დაძაბვაა საჭირო, ზმანებული, ხილული, ნანახი და განაგონი რომ არსებულ, ხელშესახებ 

და დინამიურ სამყაროდ აქციო, იქმენ უბრძანო არ ყოფილს და არარსებულს, ადექ და იარეო, რომ შესძახო 

ლანდს და სული ჩაუდგა მას.

თავისთავად ყოველი ადამიანი მშვენივრად და იოლად გრძნობს, ოცნებობს და ფიქრობს. მაგრამ ნაგრძნობის, 

ნაოცნებარის და ზმანებულის ფიქსირებას სატანური ნებისყოფა სჭირია და ეს მოითხოვს საშინელს ბრძოლას 

ენის ინსტრუმენტთთან.

საუკუნეების განმავლობაში ყოველი საგნი, ცხოველისა და არსებისათვის საკუთარი სახელი მიუნიჭებია ერს. 

ყოველი დიდი კულტურული ტრადიციების მატარებელი ენის ფორმაცია ხომ მრავალი ათასი წლის 

მანძილზეა მომხდარი და ამიტომაც მარტოოდენ ენის შესწავლას არ ყოფნის ერთი სიცოცხლე.

აქ ისევ ალქიმია იწყება და მე მეშინია სიტყვა გამიგრძელდეს.

ახლა ცოტა რამ სიტყვიერი მასალის მოხვეჭისათვის.

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მრავალგზის შევადარე ქართული ბიბლია, ოთხივე სახარება და ფსალმუნი 

გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს გამოცემებს. ეს შრომა გაწეული მაქვს მხოლოდ და მხოლოდ 

სიყტვიერი მასალის ძებნაში.

პარალელურად ვმგზავრობდი მთელს საქართველოში, ვნადირობდი და ვთევზაობდი, რათა უშუალოდ 

გავცნობოდი ხალხის მეტყველებას. ამგვარად შედგენილი მაქვსსაკუთარი იშვიათ სიტყვათა 

ლექსიკონი.დიალექტებიდან ნასესხებ სიტყვის ხმარებას ვერიდები (თუ გმირს არ ვალაპარაკებ). ვიდრე 

რომელიმე სარწმუნო ძეგლთან შევაწამებ. ცუდი ქართულით მოუბართ შეძლებისამებრ ყურს ვარიდებ. ცუდი

 ქართულით დაწერილ ლიტერატურას არ, ან ვერ ვკითხულობ.

როგორც უცხო ენებზე, ისე ქართულ დიალექტებზე ხანგრძლივად ლაპარაკს გავურბივარ, რადგნაც ვიცი: ეს 

ქართულ აქცენტს შემირყვნის უთუოდ.

მარტოობის ჟამს ხმამაღლა ვკითხულობ რომელიმე შერჩეულ ძეგლს ძველი ქართული მწერლობისას.

 დაძინებისას ძველ ქართულ შედევრებს ვათვალიერებ, რათა ქვეშეცნებაში განმიმკვიდრდეს თავისთავადი 

ენის კულტურის ნელსურნელება.

ასე და ამგვარად დღე და ღამ ვებრძვი ქართულ სიტყვას, როგორც კოჭლი იაკობი ებრაელთა მრისხანე 

ღმერთს.

წყარო: burusi.wordpress.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი