ღია წერილი გაზეთ ,,კომუნისტის'' რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი


ტფილისი 1963 წ. XII, გალის #16
ასლი ეგზავნება: საქართველოს კპ ცკ მდივანს, ამხ. დევი სტურუას და საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს. ერთიც ჩემს არქივში რჩება.

ჩვენს შორის მომხდარი არასასიამოვნო კონფლიქტის გამო მე საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა, რადგან თქვენ თურმე ინებეთ და მწერალთა კავშირის მდივნებს დაურეკეთ თითქოს მე თქვენ გაგლანძღეთ. მე თქვენი ლანძღვა მაშინაც არ მინებებია, როცა თქვენ ჩემს მიმართ უფრო აქტიური მტრობა გამოიჩინეთ, ჩვენ საზოგადო მოღვაწეებს გვიწოდებენ და ლანძღვა რა საკადრისია.
თქვენ ერთი ასეთი რამეც გიბრძანებიათ – მე მტრობაც შემიძლიაო. ცხადია, თქვენ ისეთი დიდი ხმალი გიჭირავთ ხელში, მეტსაც იზამთ თუ მოინდომებთ, მაგრამ არც ისე მშიშარა ვარ, რომ შევკრთე.
მე საერთოდ კუკუდამალობანა არ მწამს პრინციპულ ბრძოლაში.
I. განა არ ვიცი, რომ ამ ხუთიოდე წლის წინად, როცა თქვენ საქართველოს ცკ-ს მდივანი ბრძანდებოდით, დასაღუპავად გაგვწირეთ მე და ჩემი ოჯახი. ,,კომუნისტის” უნამუსო კორესპოდენტს ვ. თორდუას თქვენის ინსპირაციით დააწერინეთ ყოვლად უხამსი ინსინუაცია ჩემი ვაჟის მიმართ (,,სარეველა”) თითქოს იგი ისეთი ხულიგანი ყოფილიყოს, რომ ჩემს მკითხველებს ქუჩაში დატაკებოდა და ჩემს წიგნს გააგდებინებდა ხელიდან.
სინამდვილეში კი ეს ათი წელია, ჩემი ვაჟი გახლავთ ყველა ჩემი წიგნის პირველი მკითხველი, კორექტორი და რედაქტორი. ამასთან ერთად იგი თარგმნის ინგლისის და ამერიკის პროგრესულ პოეტებს.
ბოლოს საქმე ისე წავიდა ჩემი ერთადერთი ვაჟი დაღუპვის კართან წარსდგა, ამის შედეგი რა იქნებოდა, მე ლოგინად ჩავარდნილმა ფიცი დავდევი: როგორც კი წამოვდგებოდი ამ საქმის ინსპირატორი და შემსრულებელი მომეკლა, ცხადია, ამის შემდეგ მეც არ ვიცოცხლებდი. ჩემს მეუღლეს გულის მანკი შეეყარა, ქალიშვილი დამიავადმყოფდა. ამხანაგები ვასილ მჟავანაძე და გივი ჯავახიშვილი რომ არ მომშველებოდნენ, მთელი ჩემი ოჯახი დაიღუპებოდა.
ეს ამბავი ქვეყანამ იცის: ჩემი ამბავი რომ გაიგეს, გრიბოედოვის ქუჩაზე მოზღვავდა ხალხი. იმავე საღამოს ათი ყმაწვილი მოვიდა ჩემთან და განმიცხადეს: ამ საქმის მომწყობებს დავხოცავთ და გაზეთის რედაქციას დავარბევთო. მერე ის იყო მე შევევედრე მათ, ამას ნუ იზამთ მეთქი. ბოლოს როგორც იქნა ისინი დავაშოშმინე.
თქვენ ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რედაქციის დაშინებული მუშაკები უკანა კიბიდან რომ გარბოდნენ შინისაკენ.
II. ,,კომუნისტის” რედაქტორად დანიშვნის შემდეგ თქვენ ოდნავ გააუმჯობესეთ ჩემთან ურთიერთობა. ეს ამბავი მე დიახაც მიხაროდა. ბოლოს ნებსით თუ უნებლიეთ მაინც განაგრძეთ მტრობა.
მტრობაა ეს ამბავი აბა რა უნდა იყოს: ამ სამი წლის მანძილზე ჩემი ნაწერების ექვსი უზარმაზარი ტომი გამოვიდა ქართულად, ორიც რუსულად. თქვენმა გაზეთმა ქრონიკაშიც კი არ აღნიშნა ეს ამბავი. აგრეთვე რუსულად გამოვიდა დიდი ტირაჟით, მოსკოვში ორჯერ ჩემი დიდოსტატი, ერთხელ სომხურად და ორი ტომიც ამ წელს გამოვიდა რუსულად. ,,ვაზის ყვავილობა” გამოვიდა ლიტვურად, დიდოსტატი ფრანგულად, ინგლისურად, დიდოსტატი გამოვიდა რუმინულადაც. თუ არ ვცდები ამ გზით გამსახურდიების საქმე კი არ კეთდება, არამედ ქართული მწერლობისა და ქართული კულტურისა.
საფრანგეთის კომპარტიის მთავარმა ორგანომ ,,ლუმანიტე დიმანშმა” 2 წელს ბეჭდა ჩემი დიდოსტატის ილუსტრირებული ადაპტაცია. მე თქვენ გეკითხებით, არის თუ არა ეს მტრობა? ჩვენს რესპუბლიკაში ერთადერთი დიდი გაზეთი გავაქვს და ამ გაზეთში 140 წყაროები. დოკუმენტები.
ასეთ იგნორაციას მიწევთ. ვიმეორებ ტელეფონით ნათქვამს: ჩვენს ქვეყანაში არ მაყენებთ – მეთქი, ცხადია ეს არ არის ქება, მაგრამ არც ლანძღვაა, არამედ სიმართლის პირში თქმა.
ახლა ვნახოთ რას წერენ ჩვენი გაზეთები? ,,გრიბოედოვი ჩვენი სიძეა”. ,,გორკიმ ახსენა საქართველო”. ,,მაიაკოვსკი დაიბადა ბაღდათში”. ვიცით, გავიგეთ, გვახსოვს, სირცხვილია ასეთი სურვილიზმი!
საქართველო და კოლხიდა გორკის კი არა ჰომეროსს, გოეტეს, კანტს და ევრიპიდეს აქვს ნახსენები, მაგრამ რა მოხდა?
მე ვამტკიცებ: მომავალი თაობები შეაჩვენებენ იმათ, ვისაც ქართული მწერლობა და ქართველი ხალხი ინტელექტისმიერი ვასალობისკენ მიჰყავს.
ხომ არის ეს უდიდესი ,,პოდხალიმობის” ნიშანი, როცა გაზეთების მჯღაბნელები სწერენ: ,,გორკი და საქართველო”, ,,გრიბოედოვი და საქართველო”, ,,მაიაკოვსკი და საქართველო”, ნუთუ ისე უნდა დავბრმავდეთ, რომ არ გვასმოდეს საქართველო და ეს მწერლები, და არც არავითარი მწერლები ამ ქვეყნად, საქართველოს თანატოლნი არ არიან!
ჰკითხეთ ამ მატრაბაზებს რამ დააბრმავათ? თვალში ხომ არ ეცოტავებათ საქართველო, შოთა რუსთაველი, დ. გურამიშვილი, ვაჟა ფშაველა, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე და არაერთი თანამედროვე. ასეთი სურვილიზმის სამწუხარო შედეგია, რომ არც ვახტანგ გორგასალს,არც დიდ ვაჟას, არც გურამიშვილს, არც ჩვენ დიდ მეფეებს, რომელთაც ტფილისი და საქართველო დაიცვეს, ტფილისში ძეგლი არა აქვთ და სანაპიროზე გამოჭიმეს რუსული იმპერიალიზმის ფუნქციონერის გრიბოედოვის, ერთი საწყალი პიესის ავტორის ძეგლი (საგულისხმოა რომ ამ მწერალს თვით რუსები არაფრად აგდებდნენ).
რუსი ხალხის, მისი კულტურისადმი პატივისცემაში მე არავის დავუთმობ პირველობას. ცნობილია, მილიონები კითხულობენ ჩემს რომანებს რუსეთში, გარდა ამისა, არც მე დავრჩენილვარ მათ ვალში. უგულითადესი წერილები ვუძღვენი მე უდიდეს რუს მწერლებს ლ. ტოლსტოის, ფ. დოსტოევსკის და გოგოლს. მაგრამ ასეთი პატივისცემა ერთია და მონური მლიქვნელობა მეორე.
III. არ დამავიწყდეს, თქვენი მდივნობის დროს, თქვენის მფარველობით ლაფი დაგვასხა თავზე ყბადაღებულმა ნ. ბერძენიშვილმა, რომელმაც ორენიანობის თეორია მოჩმახა და ამით პურიშკევიჩებიც კი მოგვანატრა. მანვე ბრძანა: მეგრელებსა და ლეკებს თანაბარი ღვაწლი მიუძღვით საქართველოსა და მისი კულტურის წინაშე. მე გამოვედი მის წინააღმდეგ და სასტიკად ღია წერილი ვამხილე ეს ცრუმეცნიერი. მე შემეცოდა, აგრე მეგონა იგი მოკვდებოდა. თქვენ ალბათ გახსოვთ, როცა ეს ვაჟბატონი საპასუხო სიტყვით გამოვიდა ჩემს წინააღმდეგ (სამეცნიერო აკადემიის საერთო კრებაზე) მან გაბედა და თქვა: გამსახურდია რუსებს აძულებსო ქართველ ხალხს. მე დავაპირე ხელახლა გამოვსულიყავი და ხელახლა მეთრია იგი, თქვენ ჩემს გვერდით ბრძანდებოდით და მთხოვეთ ნუ იზამთო ამას. მეც დაგიჯერეთ სამწუხაროდ.
IV. მე დიახაც ვნანობ, თქვენ ჩემი წერილი განსვენებული აკადემიკოსის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ რომ მოგიტანეთ, საერთოდ ვნანობ თქვენი გაზეთის რედაქციაში ფეხი რომ დავდგი.
თქვენ დიდი თავაზით მიმიღეთ, განყოფილებას უბრძანეთ მალე დაბეჭდეთო. ნახევარი წლის მანძილზე მატყუეს: ამ თვეში ოფიციალური მასალები გვაქვს, იმ თვეში სესიაა, ბოლოს მე ბრაზი წამეკიდა როცა ცნობილი რუსი მწერლის მოთხრობას ბარე 6 გვედი დაუთმეთ. ალბათ მოგეხსენებათ, აკადემიკოსი ე. თაყაიშვილი უდიდესი არქეოლოგია და ისტორიკოსი, გარდა ამისა, მან მრავალი მილიარდის ღირებულების ქონება ჩამოუტანა ქართველ ხალხს.
კარგი, მე არ მცემთ პატივს, განა ე. თაყაიშვილის ბრალია, რომ ეს მეცნიერი ბაღდადში არ დაბადებულა?
ისევ გეკითხებით: არის თუ არა ეს მტრობა? ხომ მართალი ვარ, როცა ტელეფონით გითხარით ჩემს ქვეყანაში არ მაყენებთ მეთქი. სტუმარს დიახაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მასპინძელი კარში გავაგდოთ? რომელ კანონშიგიწერიათ ეს?
V. ცხადაია, ასეთ პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო ლენინურ ნაციონალურ პოლიტიკასთან. თუ ეს ვინმეს არ სჯერა, მე რომელიმე ტრიბუნით ვისარგებლებ და საქვეყნოდ ვამხელ მლიქვნელებსა და გაზეთის ზოგიერთ მჯღაბნელებს. რა სათქმელია, კოკა წყალზე უნდა გტყდეს, მართალია, მე იუბილე გადამიხადეს, რითაც დიდი პატივი დამდეს ჩვენმა ხალხმა და მთავრობამ, მაგრამ სანამ პირში სული მიდგას ამ საქმეში არავის დავზოგავ.
VI. რაც შეეხება მტრობას, რომელსაც მე თქვენგან დიახაც მოველი, იგი ვერას დამაკლებს. ჩემი მტრები ისე ჩაძაღლდნენ მე ხელი არ გამინძრევია. ზოგ-ზოგმა დაიხსომოს ჩემი სიტყვები იმ ავადსახსენებელი მ. ტოროშელიძისადმი მიწერილნი (როცა მან მწერალთა კავშირიდან გამრიცხა).
ქვა ნასროლი გულმართალისა და მდუმარისათვის უკანვე მოუბრუნდება მის გამტყორცნელს. ახლა კი მე უნდა მოგაგონოთ დავითის მიერ ნათქვამი რამდენიმე ათასი წლის წინ საულისადმი: ,,საულ, საულ, რად მდევნი მე?”.
დარწმუნებული ვარ, თქვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობები ვერ გაიგებენ: რატომ კადრულობთ ჩემს ეგზომ შევიწროებასა და დევნას? დარწმუნებული ვარ არცთუ ურიგო კაცი ხართ და ეს სტრიქონები უთუოდ დაგაფიქრებენ. თუ თქვენ ამჯერად შესაფერ დასკვნას არ გამოიტანთ და ამ წერილს არ დაბეჭდავთ, მე შევეცდები იგი სადმე ან რომელიმე ენაზე გამოვაქვეყნო და არც ეს იქნება თქვენთვის სანაქებო.
,,მწერალი არც ერთი პარტიის, არც ერთი მთავრობის ,,მოჯამაგირე” არ უნდა იყოს, რადგანაც მწერალი მხოლოდ თავისუფალი სულისა და სიტყვის ,,მოჯამაგირე” ყოფილა მუდამ.
იგი აწმყოში და მომავალშიც ასე უნდა დარჩეს მუდამ, რადგან მისი საქმეა ერისა და კულტურის სამსახური და არა რომელიმე პარტიისა ან მთავრობისა. იცვლებიან და ქრებიან პარტიები და მთავრობები. ხოლო ერი უკვდავია ვითარცა მარადიულ ღირებულებათა შემქმნელი და მატარებელი სუბსტანცი.
,,საქართველოს სახელმწიფო სუვერენობა ხელშეუხებელი უნდა იქნეს, სულერთია ეს დემოკრატიული რესპუბლიკაა თუ საბჭოთა რესპუბლიკა. მე ვდგევარ ამ შემთხვევაში პირველ დეკლარაციის ნიადაგზე, რომელმაც თვითვე აღიარა ,,საქართველოში სახელმწიფო ენა ეს ქართული ენააო.”
,,იქადაგეთ კომუნიზმი, მაგრამ პატივი ეცით ამ ერის სუვერენობას, ქართულ ენასა და ქართულ კულტურას”

წყარო: burusi.wordpress.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი