მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ ..

მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და მოგაგებებს სიმინდი ლახვარს.

მე მიყვრს, როცა ყანაში გახვალ
და დილის ნამით გაილუმპები
თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია,
სიტყვის უთქმელად დაიღუპები.

ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს
და ფეხზე სველი მიწა გეყრება...
თუ ეს იგრძენი, ცხოვრების ბოლოს
ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება.

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,
ამიჩქამდება სისხლი ველური
და ვაჟკაცური ლექსი მომშივა.

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი...
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.

მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,

და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწამს შემოქმედება.