მთვარეული


ღამე, რომელიც უთუოა, ნებას არ დართავს
სიცხიან დილას, რომ ქალაქი გადაათეთროს.
დღეს ხმამაღალი დუმილები მორჩა,
დამთავრდა.
უნდა კედელთან მიღალატო!
ანდა, ასეთ დროს
უნდა წახვიდე - უნდა შენთან მარტო დამტოვო,
ჩემი თვალები დაიფარო -  მწვანე თავშალი.
ან სულაც (ბევრჯერ წაგასწარი) დღესაც დამტვერილ
თეფშზე მზეები შემოხაზო. ისევ წაშალო.
ვიღაც რგოლად და შენ მზეებად გაანაფაზებ,
შენია უკვე სვლა,
თამაში უკვე შენია.
თუ ეს გაკავებს - გეფიცები, რომ ჩემს ნებაზე
გამოზრდილ ლექსებს არ დაგიშენ,
ნუ გეშინია!
ხელისგულები მიუშვირე ადამიანებს.
სიზმრებისგანაც გაცილებით უფრო მეტს ითხოვ.
და მერე ერთხელ, სიმშვიდისას, ალბათ ინანებ
და მერე ალბათ,
კიდევ უფრო ერთხელ მეც - თითქოს.
გაზაფხული კი უფრო ადრე უნდა იწამო,
სანამ ენძელა იზმორება და სანამ ია.
დასანანია, არაფერი უთქვამთ წამწამებს,
კარგი სიმთვრალეც, რა თქმა უნდა, დასანანია.
ფოთლებთან მინდა,
თეთრ ღრუბლებზე კვლავ ღმერთი იწვეს.
პირველ კოცნას კი კუდში მოსდევს
მარტის ბოლო მზე.
არ გაგაკვირვებს, ვცხოვრობ, როგორც: "მოწევა იწვევს
კანის ნაადრევ დაბერებას" ყვითელ კოლოფზე.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი