ტიციანს


გახელებული ხარი აბღავლდა,
თითქოს ვიღაცას უხდიდა ბოდიშს,
ნატყვიარევი ვერ შებღალავდა
უალდის კეთილ და ამაყ პროფილს.
გაოცებული გაქრა ნუგეში,
ლაგამს ლოღნიდა უფეხო რაში;
კაცები ფოთლებს წვავდნენ ქუჩებში
და პასტერნაკი ტიროდა ბაღში.
მარტორქებს სუსტი, სიმართლის შველი
რქაზე აეგოთ, იყო ტალახი,
როცა პაოლომ ნატიფი ხელით,
დასხლიტა თოფის ყველა ჩახმახი.
და კოლომბინას წითელი პალტო,
მიტოვებული, ფერსევდიანი,
თქვენს საკიდელზე ეკიდა მარტო
და შემოდგომა იდგა გვიანი.
თავს იმართლებდნენ, სჭირდება მიზანს
მსხვერპლი და გველი ღმერთის ლოგინში,
დიდი ბოდიში, მეტს აღარ ვიზამთ,
მოხდა შეცდომა, დიდი ბოდიში.
ცავ ულმობელო, შენც განგიცდია,
როცა მზეები წითლად დაბინდე,
როცა დაარქვეს ჯვარცმას _ ტიციან!
როცა დაბრმავდა ტანიტ ტაბიძე.
დაბრმავდა, მზეს ვეღარ შეხედა,
მაშინ ზეცაში მზეც დაეხვრიტათ
და თამუნიას ლამაზ ფეხებთან
ეგდო მიხაკი დანამეხიდან.
მაგრამ ლექსები ვეღარ დარაზეს,
ვერ დააჭედეს მონური ნალი,
შენ ყაჩაღებმა მოგკლეს არაგვზე _
და შენ სიკვდილში მე მიდევს ბრალი!

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი