0 65

ფარდაგი


ქვიშა და წყალი, ქვა და ხავსი -
რელიეფი შენი ფარდაგის -
სახელდახელოდ გაგორებულის -
ტერფქვეშ იცვლება. დაბიჯებას ძლივს ვასწრებ.
კაწრავს. თვითონვე არჩენს.
ქუჩები და კიბეები და იატაკი,
განათება და შუქ-ჩრდილები -
მიცვლის სახეს, ასაკსა და მიმართულებას.
ნაბიჯს ვუჩქარებ და ფარდაგიც სულ უფრო სწრაფად
მიგორავს, ასწრებს ტერფქვეშ გაგებას.
ღმერთო, ზოგჯერ როგორ უშენოდ მტკივნეულია.
ხოლო ზოგჯერ - ფეხის თითები -
თმის ღერებამდე იწყებენ ციმციმს.
ცაც იცვლება ჩემს თავსზემოთ -
სპეცეფექტებს არ იშურებს -
მომდევს თავისი ღრუბლებით და
დიდი დათვის თანავარსკვლავედს
მოაფრიალებს. ვერ გავიგე -
ეს მზეები ერთჯერადია, თუ ერთია
და დღეები გზადაგზა სცვივა.
როგორ ვენდობი მე ამ ფარდაგს,
როგორ მივყვები, და ისიც - როგორ იგრაგნება,
როგორ მიგორავს- სულ უფრო სწრაფად -
ტერფქვეშ გაშლას ასწრებს, აგრძელებს.
რამდენი ნივთი დამრჩა უკან -
ვერ ავისხი სამკაულებად.
თითები და მხრები არ მეყო.
ოკეანემ შეასახლა მათში თევზები.
რასაც სული აქვს, თან გამომყვა -
გამოიქცა, კვალდაკვალ მდია -
ალუბლის ხეში ლიქიორი ჩადგა, გაცოცხლდა,
მეგობრებმა არქტიკული სილურჯისკენ
თვალების თაფლი გამომაყოლეს,
ტბებმა ყინული გადაიკრეს, რომ გადამევლო,
შენ - ჰაერივით შემომეხვიე,
რომ მეყო ასე - სუნთქვის ბოლომდე.
კომენტარები (0)