რომაული არდადეგები


რომი – ლომების ძველი არენა -
მთელი თავისი დიდებული შემოგარენით -
ქვის ძუ მგელია – შთამომავლებს ერთგულად კვებავს.

კოლიზეუმი ტურისტების სკაა, ხაფანგი -
ყურთსასმენებში გიდის ხმის ტემბრი ვერ ფარავს ზუზუნს,
უზარმაზარ ქვის სკაფანდრში შუბლი იზრდება,

იბერება თვალწინ წარსული – იმპერატორის ცერი – ქვემოთ,
მარტის სიზმრები, სერიალი ბრძოლების და შეთქმულებების,
მომავლისათვის – აწმყოს გვემის ქრონოლოგია.

იქნებ ამასაც ხედავდნენ მათი ორაკულები -
ფორუმთან – ფიქრის დრო არ არის – ვერ ანაყრებ ფოტოაპარატს -
კადრები, როგორც კარტის დასტა – ზედ აცვივა ხალხის ნიაღვარს.

ინდოელი მეწვრილმანე ამაოდ ცდილობს
მზის სათვალე შემოგასაღოს – ნახეთ, აქედან
ყველაფერი ბევრად უფრო რეალურია.

ამ ქალაქს ჭერი მოუხატა მიქელანჯელომ -
საკუთარი სიბრმავის ფასად. დღეს ბერლუსკონის ფერ-ხორცს ძერწავენ
სხვისი თითები, რადგან სჯერათ სხვა ესთეტიკის.

არისტოკრატთა ბაღებიდან გამოსულან გარეთ მონები -
ისეთივე ფერადები, როგორც წარსულიში -
იმპერიის ექსპანსიის მონაპოვარნი -

ქუჩა-ქუჩა ყიდიან ჩინურ სუვენირებს -
იტალიის ძველი დიდების ასლის ასლებს
საიდანაც გვიღიმის პაპი – დალოცვისთვის ხელაწეული.

პიეტასთან დიდხანს დგახარ ხელფეხშეკრული -
მოქანდაკე დღემდე ლოცულობს
და ტუჩები და თვალები ექოს ბედავენ.

ღვთისმშობელო, დაიფარე ყველა ჩვენგანი,
ვინც კარავაჯოს ასანთებად
რკინის ყუთში ერთ ევროს აგდებს, თუნდაც, ვერ აგდებს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი