სამხედრო წრთვნები


სამი წლის წინათ, ომის დროს, ჩვენი სახლი გაძარცვეს.
დაბრუნებულებს ყირამალა დაგვხვდნენ ნივთები,
რომლებიც ალბათ უცხო თითებს ზიზღით ითმენდნენ.

წაიღეს ჩემი ოქროს ბეჭედი და რამდენიმე ბოთლი ღვინო.
ალბათ ჩქარობდნენ – მარტო უჯრები იყო დაცლილი
და არაფერი აუღიათ თაროებიდან.

მე მაინც დავრჩი მადლობელი, რომ არ დაწვეს ჩემი ალბომი,
არ დახიეს ჩემი წიგნები. რომ საერთოდ, დატოვეს სახლი.
ეს იქნება ჩემთვის მუდამ – სამარცხვინო მადლიერება.

დღეს კი, როდესაც ყურისძირში, თითქმის ქალაქში,
კვლავ გაისმის საბრძოლო წრთვნები, ხოლო ოთახში
ჩემს შვილს სძინავს, სილის გაწვნას გვანან წუთები.

იმუქრებიან თითო კაცის იმპერიები -
ჩვენი ჩონჩხები მათთვის არის ქვები, ჯოხები -
თითქოს ერთმანეთს ჩვენი ძვლებით იგერიებენ.

ჩვენ კი ვატაროთ უხილავი სამეფოები -
ყველა თვალისთვის უცხო მიწით, უცხო მოსავლით,
სადაც თვითონ ვართ მეფეები – გვირგვინოსანი,

ვატაროთ – ვიდრე ჯუჯები და გოლიათები
სათითაოდ არ გაბურღავენ, შემოანგრევენ -
ამ სიმყუდროვეს – დროებითი გვქონდეს სანგარი.

შვილო, მრცხვენია ამ ზღაპრების. არ შეეგუო
“ჭირი იქა და ლხინი აქა-ს” ბოროტ დასასრულს.
ის არ არსებობს. თუ არსებობს, შენ ნუ ისურვებ.

ჩვენი ფარული სამეფოების გარეთ გამოდგმა -
თანდაყოლილი სიმსივნეა ეს სიყვარული -
სამშობლოსი კი არა, მიწის. ეს – ქვემეხების იავნანაა.

თავს ვინ დაიძვრენს საკუთარი თავის ხიბლიდან,
როცა დრო ასე მყარად, ერთგულად
ამაგრებს ყველა ბავშვის ყიფლიბანდს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი