ლოცვა აბსტრაქციად


რამდენი ძეგლი აუშენეს ამაოებას,
რამდენი შთანთქა, ან ნასვრეტები გაუჩინა, დაიგემოვნა,
გაინაბა, ისე როგორც ჰოლანდიურ ყველში – თაგვი.
თითოეული ქვა, აგური, სიტყვა და ფერი -
ტკბილ საკბილოდ გამოიზოგა.

გახსოვს – ზღაპრებშიც ბრძოლა იყო,
მაგრამ გუმბათებს უელავდათ მამალოები
და მათ თავზე – კარგახანს – ჯვარცმაც შაქრის გეგონა.
წლებთან ერთად რკინად იქცა – ტანჯვის სიმბოლოდ -
ქარი და მზე რომ ვერ დაადნობდა.

დღეს შენი შვილი, სამი წლის, მოდის
დაჯღაბნილი ფურცლით ხელში
და გეუბნება – “ეს არის ომი”.
ეს უცნაური ზიარება აბსტრაქციასთან -
შენში ჩამდგარ ტბას აღვიძებს, აფორიაქებს.

ნიჭმა – კაუჭმა – ოქროს თევზის ამოსაყვანმა -
ტბას წითელი ქორჭილების ჯარი დასტყუა.
შენ კი ისევ ცდას განაგრძობდი -
მცურავ რკალებს ჩაშტერებული,
ვიდრე ნაპირს არ მოადგა სხვა მებადური.

წყალს დაუბრუნე ყველა დიდი და პატარა თევზი,
ყველა მცდელობა – დაგეტყუა ერთი სიტყვა -
სიმართლის მსგავსი – მათი მდუმარე ლაყუჩებიდან.
ადამიანს შეეკედლე. და კედლები და სახურავი -
ერთი სიცოცხლის სამყოფ ფართობს გადაეფარა.

ღმერთო, თუ გვატკბობ, თუ გვამწარებ, თუ გვამწიფებ
რაღაცისთვის – სიკვდილის გარდა,
იმის მიღმაც შეგვინახე ეს სიყვარული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი