0 66

გორი. ბავშვობის ბაღი


რადგანაც სასულეს არა აქვს სარქველი,
შიგ ჩადის ყვავილის მტვერიც და ნაგავიც
და ამ კორიანტელს ცხოვრებას არქმევენ.
 
წარსულის დღეებიც ბოლომდე აქვეა -
ხელის გაწვდენაზე – ბავშვობის პარკები
და საქანელები – ცახცახა სარკეა -
 
ხან გაიდღაბნება, ხან ისე მკაფიოდ
ანთია, იფიქრებ – ორპირი ლაქი აქვს
წასმული – ბდღვრიალებს, აწმყოზე მძაფრია.
 
ხანდახან ვეება ჩრდილებიც ერევა -
ბელადი, რომელმაც ქალაქი დაფარა
თავისი მუნდირით, თითქოსდა დაფაა -
 
გადაბრტყელებული ციხე და სახლები
და ქვეშ მოყოლილი ბაღები ბავშვებით -
საკუთარ ქალაქს რომ ხელს ვეღარ ახლებენ.
 
ჩემს თავზე ფოლადის ნაჭრის სიმძიმეა,
თუმცა გამჭვირვალე მახსოვს შადრევანი,
ზაფხულში ღამითაც რომ არ იძინებდა.
კომენტარები (0)