კალენდარი


ისევ რიცხვები მივაჭედე,
ისევ კედელს, ისევ გარედან,
თარიღებში კი, თითქოს რაღაც სული წრიალებს -
ჭრელიც არის და მგლოვიარეც ეს კალენდარი -
ჩვეულებრივი, მოწყენილი თუ პირმცინარე
დღეები ასე რიგ-რიგობით ინთებიან და ღამდებიან -
თითქოს ერთ ფილმს ვამონტაჟებ უსასრულოდ -
ზოგი კადრი მიყვარს, ვაჩერებ,
ზოგი მინდა სულაც ამოვჭრა.
 
ისინი ხშირად ბევრად უფრო პირადია, ვიდრე საფოსტო
ბარათები და სურათები – კედელს მიკრული.
გვანან ძვირფას ინიციალებს,
ზოგისგან მუდამ ქარი უბერავს,
ზოგს სანთლები და ვარსკვლავები უციმციმებს
აქრობენ, ვაქრობ, მაგრამ მაინც სულ უციმციმებს.
არა და, კედელს რომ შეხედავ, თითქოს დიდი არაფერია -
რიცხვების მწკრივი მექანიკური
თვლა, გამოთვლა, გადაგორება.
 
პირადია, თუნდაც თავისი
რამდენიმე საზიარო დღესასწაულით -
მე ვირჩევ სტუმრებს, ფერებს, საჩუქრებს.
თუმცა ვიცი, კალენდარი სხვების ენაზეც რომ ლაპარაკობს -
მორზეს ანბანი, მილიარდობით შიფრითა და გასაღებებით.
მე მხოლოდ ჩემი წილი მიყვარს
სადაც ჟოლოს ბუჩქებივით იცინიან მოგონებები,
და მძულს – სადაც ფესვი ჩამიტყდა.
სხვებს, უბრალოდ, თავიდან ვცხოვრობ.
 
მაგრამ აი, არის დღეები – სასტიკი და მრავლობითი,
როგორც შავ-თეთრი ფოტოსურათი
უსამართლო ჰორიზონტით – იუნკერების,
შემზარავი ვერტიკალით – ბოლშევიკების.
 
ოცდახუთი თებერვალია
და მე არ მაქვს ყვავილის თესლი,
რომ რამე დავრგო ამ საერთო საფლავზე და
ასე შიშველს არ ვუყურებდე ყოველ წელიწადს.
თითქმის უკვე ასი წელია ასეთია საძმო საფლავი -
ერთ ფოტოზე ეტევიან ცოცხლებიც, მკვდებიც.
ჩვენი მკვდრები, ჩვენი ცოცხლები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი