გერგეთი. სიყვარულის დღე


ეს ნისლი თითქოს სპეც-ეფექტია -
ჩვენს სივრცეში შემოაცურეს,
როგორც კვამლი – ცეცხლის გარეშე -
ზეციური წარმომავლობის -
წმინდაა და არ აალდება.

ზემოთ – სქელდება, ყველაფერს აქრობს.
რძედაც რომ იქცეს, დაგინახავ, ისე ახლოს ხარ.

ზურგსუკან – მთები და შენ – გვერდით -
ეს სიმყარე გამორიცხავს ვარდნას, დაცემას.

თვალები და ხელები – მაინც აირია,
თითქოს ბალახის ღერებია, შენ კი – ჰაერი
და ჟანგბადი მკერდის მიღმა იწყებს ნათებას.

ნელ-ნელა ვარჩევთ: ხალხი, ხალხი -
თავშლები და ორნამენტები -
კაბების, თაფლის კელაპტრები, ბიჭების გუნდი -
მრავალხმიანი საგალობლები – ისე გვეხვევა -
დალოცვაზე უფრო მეტია.

აგურს და ბალახს ერთად ვაწყობთ ნისლის კიდეზე.
ქვემოთ – სოფელი – სწორედ ასე აშენებული.
ტაძარი კი – მწვერვალის ასლი.

ქვები – მხრებით ამოტანილი
და ურმებით – სხვადასხვა გზით -
ხევის პირჯვარი.

ნამდვილია ნისლიცა და დღესასწაულიც.
ცა გვისრუტავს. ხელი ჩამჭიდე.

გაგრძელება მთის. ვერტიკალი.
ეს – ჯვრისწერაა -
შენთან ერთად – ჰორიზონტის აქ ამოტანა.

მყინვარის სახე – ლოყის გასწვრივ,
დანისლული – დღევანდელი დღის საიდუმლო.
უზარმაზარი. ის აქვეა და ჩვენ გვეხება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი