დილისპირული


ხელი – მარტივად – სათამაშოს – ბავშვის საწოლთან
ქოქავს. სხვა ხელი – სულ უბრალოდ -
ცის თაღს ასწორებს.
ასე თანდათან გართულდება სასწაულები.
მე და შენ ერთად გაოცება უნდა ვისწავლოთ.

გათენებები – ეს რძიანი საწოვარები -
ივსებიან და იცლებიან თვალების გასწვრივ.
დღე – თვალებისთვის – მობიბინე საძოვარია,
ხელი – ჯოხია – ჯადოსნური – დამწყემსავს, გაწრთვნის -
შეგრძნებებს, საგნებს.

გაიწოდე, თუ გსურს მოხარე -
მიწისკენ, თუ გსურს – თითის წვეტი დაადე მწვერვალს -
წინ! ამოქოლე წლები – თაგვის გამოხრულები -
ცერით და – ძვლები – შენს ტერფებზე დაგეშილ მწევრებს -
გადაუყარე – მოგონებებს.

სანთებელაა -
ყველა ლითონით ადნებიან ზედ საათები.
ხელი ჯოხია – ჯადოსნური – გათენებებიც -
მისი ნებაა – ტკაც! და თვალში მზე აინთება.

ჯერ შენი ხელი პატარაა -
ჩემს ხელს დაყვება
და ეგ თითებიც ჩემი გულის ძაფებს მართავენ;
ხელში – მახვილი, ხელში – ვაშლი, ხელში – სართავი -
მისთვის უცხოა და ყველასთან არის მართალი.

რეზინის კურდღელს თუ მიწვდება,
რკალს თუ მოხაზავს,
პაწია ნაკაწრს თუ გაგიჩენს ბამბის ლოყაზე.

მიწვდეს, გახადოს თვინიერი ყველა კედელი,
იყოს ეგ ხელიც ჯადოქარი,
მხოლოდ – კეთილი.

ასე, ჩურჩულად დაყვებიან ხმები მკერდიდან -
იყოს ეგ ხელიც ჯადოქარი,
მხოლოდ კეთილი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი