საკეისრო კვეთა


ეს ცის გახსნას გავს.
სკალპელი – ელვა.
და ღმერთის თვალი – მაგიდისკენ – ფარნად ინთება -
თვალყურს ადევნებს ექიმის ხელებს
და შენს სახეს, გადაფითრებულს -
ნაკვთებს რომ ცქერით ვერ დაულაგებს
ქმარი – შენს თავთან -
გარანტია, რომ თუ ჩაქრები, ახალ ვარსკვლავს პეშვით წაიღებს.

ცის გახსნას გავს -
უცაბედი, როგორც სიკვდილი კატასტროფაში -
ყოველგვარი პრელუდიის, სამშობიარო ტკივილების გარეშე -
მიღმა შავი ხვრელის – ბნელი დერეფნის -
სულები რომ მიმოდიან ამ სამყაროში.

ცის გახსნას გავს -
უფრო ძნელია, ვიდრე წერდე სიმფონიას – ტაშზე მქუხარეს,
ან აწყობდე რევოლუციებს – მათთვის, ვინც უკვე მოსულია,
ან გზადაგზა კოლონიებს აარსებდე გალაქტიკებში.
ის ერთი ჩხვლეტა ხერხემალში -
საიმედო ანესთეზია -
მაინც გართმევს ამ უფლებას იყო ჯვარცმული -
თუნდაც ერთისთვის, თუნდაც ასე ხელფეხგაკრული.

ცის გახსნას გავს -
ეს გაბედვა – ჩაეჭიდო ახალ სიცოცხლეს -
ყველანაირი მშვიდობისგან აუშენო ატრაქციონი,
ომებს ზურგით გადაეფარო, რომ მუდამ მისკენ გქონდეს სახე,
რომ უცინოდე. აი, ასე,
შეაბიჯე ძველ ნაკადში, ასე დაწექი
ერთადერთი ქალიშვილივით – კეისრის -
პირმშოს გადასარჩენად რომ გაფატრეს. ორივე ჩაქრა.
შენ კი ფეთქავ და სარკმელში – ღამის ქალაქი -
ციმციმებს, როგორც უხმაურო დღესასწაული.
ცხრა მაისის უცნაური ფეიერვერკი:

კადრებს ხმები ჩამოეცალათ. უხმაუროდ – პულსი – ას ოცი.
შენი სისხლის – პირველი რეზუს დადებითის
საზეიმოდ გადასხმა ახალ ვენებში, მამის თვალის ფერის,
როგორც ბევრად უფრო ნათელის.
ცის გახსნას გავს -
ტირილის ხმა – დასაწყისის მაუწყებელი.

ახლა ჭრილობებს შეუძლიათ, პირი შეიკრან -
ეს ცა აღარ დაიხურება.
არასოდეს არ ყოფილა შენი ღამე ასე კაშკაშა.
თოთო სინათლე შენს თვალებთან
ასე ახლოს არასოდეს მოუტანიათ.
ის იზრდება – ყველა ჩრდილის გადაფარვამდე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი