შიმშილის ბლუზი


ეგ დიდი ვაშლი – ტკბილი, წვნიანი,
კანქვეშ რომ მალავს ჭიან ადგილებს -
მოკბეჩ და ბაგეს ამიწიანებს -
ძირს ნაგდებია, რაც აადვილებს
მიწვდომას, რადგან ხერხემლის მალა
იოლად არის დამყოლი – მოხრის
და ასე, მოხრილ ხერხემალს მალავს
როგორც მიწისკენ ხელის გაწვდენას -
ცათამბჯენების ყოველი ქოხი.
ეგ ნათურები და წარწერები -
ვაშლზე – ქუჩების სისხლჩაქცევები -
აელვარდა და ბაგეს მოედო;
მოკბიჩე ვაშლი – ტკბილი, წვნიანი,
ოღონდ არ ჩაყვე შიგ მოციმციმე
სულების ბადეს – დროის მოედანს.
ჩემი შიმშილი უფრო რთულია:
დღეს ვფლობ ყველაფერს – სხეულის გარდა -
ქარიდან სახეს ვეღარ ვაბრუნებ -
სადაც უდაბნო – ორაგულივით -
ცას – გაშვებამდე – კლანჭით უჭირავს -
ყველა მშიერი რომ დააპუროს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი