მიდიები


შავი ფრჩხილები – ქალღმერთების,
მათ შორის – ხორცი -
უფორმო, როგორც ენის ნამცეცი.

თუმცა არა გვაქვს ბრალი ჩვენ მათ ამოხოცვაში
და თუმცა ნაზად ვაცლით საცეცებს -
კრიჭაში გაჩრილს,

მეჩვენება – იწყევლებიან,
თუ – მოთუხთუხე ქვაბის პირიდან -
როგორც ტუჩები – გახსნილები – ლოცვას იწყებენ,

რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.

არის აშკარა – არ არიან პირანიები
სისხლს ვერ მოსვამენ თითებიდან,
ვერც ტკივილებში
გაზავდებიან.

უფრო მეტიც – მშვიდად ითმენენ,
ვიდრე ჩვენ – მათგან -
საქორწინო კერძებს ვამზადებთ.

თითოეული ნიჟარიდან,
როგორც ხორხიდან -
ენის ნამცეცის ამოძრობას სულ უფრო სწრაფად
ვახერხებთ

და ეს სამზადისი თითებს გვიშავებს -
ღამდება. მალე ახალ დღესაც დავეწაფებით.

ეს უცნაური და ძვირფასი კულინარია -
გულის წასვლამდე გემრიელი -
ჩვენ რომ ვარგუნეთ
ერთმანეთს -

პირის ნიჟარებით -
სუნთქვის გარნირით -
ენა – მოლუსკი – სულ მთლიანად ამოგანგლული -
სინათლის ფქვილში -
მზის ტაფაზეც განიერია.

მიდიები კი ლოცულობენ, იწყევლებიან,
რომ დანაყრება ვერასოდეს შეძლონ წყვილებმა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი