გაფრენა. ლილიტი


კისერზე - ფოტოაპარატი -
ჭკვიანი ლულა -
არ კლავს, აშეშებს;

რომ გქონოდა ასე შებმული -
იმ ბიბლიური განცხრომის და მხიარულების
ბაღში, კადრების გადარჩენას -
ალბათ შეძლებდი.

ახლა კი მხოლოდ ქარაგმებში უნდა ეძებდე
წარსულს, რომელსაც ანაბეჭდი არ გააჩნია.

ზღაპრებს - მითები დააფარო, მითებს - ლექსები
და ანარეკლის ანარეკლი გადაარჩინო.

არ გაქვს არცერთი კომპრომატი წასვლის, დარჩენის.
თითს ვერ დაადებ. მითუმეტეს, სხვას ვერ აჩვენებ.

იყო ადამი. იყო ევა. და იყო გველი.
შენ კი - ოთხივე მხარეს -
თუნდაც, ეშმაკთან გევლო.

და მაშინდელი შეკითხვების დასმაა ჯერაც -
თუ ეს სახლია,
რატომ არ აქვს ამ კედლებს ჭერი?

ასე გადაწყდა -
გადარჩენის შეუძლებლობა
მისთვის, ვინც ეჭვის ჭიან ვაშლებს ჭამდა მანამდეც,
ვიდრე სამოთხეს გველის მატლი შეუძვრებოდა.

მოკბეჩდა. თვალებს ფოთლებს შორის გადამალავდა
და სათითაოდ ისრუტავდა ზეცის ძაბრიდან
სიტყვებს.

და ბაღსაც დასცქეროდა, როგორც ლაბირინთს,
რომელსაც ჰქონდა სახურავი,
მაგრამ გაფრინდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი