ცა გამიხდა ..


ცა გამიხდა ფოთოლ-ფოთოლ საძებნელი,
ცის გადაღმა შენ გეძებე.

გამიტკბილდა შემოდგომის საწებელი,
ცას თითებით შევეწებე.

რასაც გეტყვი, სიტყვასაც ნუ დაიჯერებ -
ყველა სიტყვა მალსტრიმია.

სამართებლით ცა ფოთლებად დავიჭერი,
თავზე თეთრად დამტირიან -

თოლიები – სანაპიროს დარაჯები -
წყალს ნაპირი რომ არ გაყვეს.

არც წყალს მივდევ, არც ნაპირზე აღარ ვრჩები,
გზაც კენჭებად დავინაყე.

შარშან მგონი ფოთოლ-ფოთოლ შენ მეძებდი.
არც კი მახსოვს, სად ვიყავი.

არც ის ვიცი, თუ მიპოვე. შეიძლება -
მხოლოდ ეს მაქვს საკითხავი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი