0 274

წიგნი მქონდა ერთი ..


წიგნი მქონდა ერთი
"შუქს ნუ ჩამიქრობთ!"
გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი
(უჭირდა გამომცემლობას)
ცარცის ქაღალდი რომ ყოფილიყო,
რა, შემეშველებოდა, XII სართულზე
გულის ხელით ატანაში,
ან დედაჩემს, თავისი 100 კგ ტანის
მიზიდვაში კუკიის სასაფლაომდე?
გზის განათება კი შეეძლო,
ახალგაპარსული სახესავით,
რისთვისაც ჩემი სისხლის
გლეხური ნახევარი უღელში შევაბი
ცარცის ქაღალდზე სხვები ისხდნენ,
როგორც მინანქრის სახედარზე
და მსუბუქად დააგელვებდნენ,
მშვიდი პოეტები -
შაქრის პუდრი,
შეფრქვეული ნერვებზე,
რომლებზეც მე დანაყილი
ანალგინი მაყრია
და, მაინც, ასე ულამაზოდ მტკივა -
ანტირეკლამა
და ვიღა მიმიშვებს მზესთან?
ნუ დარეკავთ ჩემს კარებზე,
სანამ მძინავს, პირველ საათამდე,
მერეც ნუ დარეკავთ,
როცა ვმუშაობ,
სიბნელესთან
დადებული ხელშეკრულებით!
დღე უნერვო პოეტებისაა.
კომენტარები (0)