კაცი მიდის აქედან იქით ..

კაცი მიდის აქედან იქით,
მინდორი თავისთვისაა, ბიბინებს,
არც გორაკი, არც ხე
სახლიდან კარგად ჩანს,
როგორ იქცევა წერტილად
მარტოობის მზა ატრიბუტები:
წყენა, დარდი, უსახლკარობა...
ფეხები ისე ამოაქვს მიწიდან,
ბალახის კილოგრამები მოყვება,
ჩხვლეტები რომ დაარბილონ,
გული აღარ გაუსკდება
აქედან ჩანს წერტილად,
ჰორიზონტი მატყუარაა.
არც თვითონ უჭირს ტყუილი,
თვალთმაქცობის კურსი აქვს გავლილი,
ლექსები, მწვანე ყდაში ჩასმული, _
ეო მეო-ზე გადატარებული მინდორი,
იქიდან როცა წამოვა,
სიმაღლეში მოიმატებს,
საშიში გახდება სახლისთვის...