0 949

აგვისტოა ქალაქში..


დაშაქრული თაფლივით შედედებული შუადღე...
ასფალისტისფერი ცა, თითქოს, არასდროს
არ ყოფილა გამჭვირვალე.
ტრამვაის ვაგონებს ხალხი კი არ დაყავს,
გადააქვს სიცხე, წითელი, კაშკაშა,
ზარების გუგუნით გაჟღენთილი,
უსასრულოდ ქცეული ქალაქის
ერთი ბოლოდან მეორეში...
ქუჩაში მიდის ქალი,
ერთადერთი გამჭვირვალე სხეული
მთელ ამ თაფლისფერ, შედედებულ ატმოსფეროში,..
შეხვდება მამაკაცს,
ელაპარაკება ამინდზე და პოეზიაზე,
ხოლო მის შიგნით,
როგორც კურკა შინდის მარცვალში
ოქროსფერი ბიჭი ანთია...
მამაკაცი ვერაფერს ამჩნევს,
თამბაქოსფერი მზე ციმციმებს მის მზერაში,
ის ლაპარაკობს და ტკბება,
საკუთარი ხმით და ქალის ყურადღებით...
მთელი ქალაქი ხედავს გამჭვირვალე სხეულში
ოქროსფერ ბიჭს,
ბიჭი კი ტირის...
რაზე?
ვინ იცის...
იქნებ თამბაქოსფერ მზეზე,
რომელიც მერე მოაგონებს
დედამისის სევდას...
კომენტარები (0)