ავტოპორტრეტი ფიროსმანის ფონზე

აი, იმას კი შეეძლო დროის გაჩერება!
იცოდა, რამდენი სისხლი ყოფნის
კვერცხის შეღებვას
(ენდრო ძვირი იყო),
რამდენი თითისტარი ბამბა _
ბატკნის სითეთრეს...
ეს რომ სიტყვით ეთქვა,
ბატკანს დაკვლა დაემუქრებოდა,
სისხლის და ქათქათის შეხამება კი
ლექსში არაფერს იძლევა,
მხოლოდ, შიშს როგორ გამოხატავ?
ფრანგების წერტილოვანი ტექნიკით,
შეიძლება, ცახცახი გადმოსცე,
მაგრამ აღდგომა,
მოყვასის სიყვარული უზმოზე?
რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება,
სისხლი მაინც დაიღვრება,
ქვეტექსტში თუ არა,
წიგნის ბოლო გვერდზე,
ნახატის ჩარჩოს, შენს ზურგს უკან
მისგან ერთ ბოძსაც ვერ შეადედებ,
და ვინა ხარ,
სვეტებიანი პართენონი ინატრო?
კედელიც გეყოფა, მეტრი და სამოცდაორი სმ,
სიგანეში _ სულაც არაფერი,\\\'
ამოჯიჯგნი ფრჩხილებით ადგილს,
თავთან ფიროსმანს ჩამოიკიდებ
და დროს გააჩერებ...