0 614

ასაკი


დაიწმინდა ჩემი სიზმრები:
სევდა, რომელსაც ვეჭიდები
სასაცილო განწირულებით,
ყოველ ღამე მოზრიალე მილებიდან _
წყლის წვრილი და ბრწყინვალე ჭავლი,
ერთადერთი, სულიერობის ნიშანწყალი
რასაც ატყვია...
ლეღვის ტკბილ და წებოვან ტოტებში
ქარი ისახება...
შავი ლაბადა ეცვა იმ კაცს,
შავი და შრიალა ხმელი ფოთოლივით...
ჩაცხრა ის ქარი
და წვიმებიც ჩატბორდა
საღი გონების წრეში...
ახლა ქალაქი ფანჯრის ჩარჩოში
მთების მკვეთრი წვეროებით ბოლოვდება
და მაგრძნობინებს,
რომ ეს მთები
ბევრად უფრო ესადაგება ბალახის ღეროს,
ვიდრე ჩემს ლტოლვას სიმაღლისკენ...
ოქროსფერი წყალი დგას ვარცლში,
რომელშიც უნდა
ზანტი და მარადი მდედრი ბანაობდეს,
შიგ კი პურის ნამცეცები და ბუზები ყრია...
არც კაცი ჩანს, მისი ქომაგი,
ყველა ჩვენგანის ცოდვის მტვირთველი
და მათი ვნების საძირკველი
წითელ ვარდებზე აღარ შენდება...
რა წვრილია ბალახის ღერი,
გაწელილი მთების წვერომდე,
სევდა, რომელსაც ვეჭიდები
სასაცილო გულუბრყვილობით...
კომენტარები (0)