აღსარების მაგიერ

რა ვიცოდი,
რომ ის ლარივით სწორი გზა
ზედ ჩემს გულზე გადაივლიდა!
რამდენი ვილაპარაკე,
ისიც კი გავამხილე, რომ ჩემი ძალა
ძნელად გამოსათქმელი სიტყვის
გულში დევს,
ამით, თითქოს,
უნდობლობის ჭია გავსრისე,
და შეჩვეული ჭირის სიმყუდროვეს
ორპირი ქარი შევუჩინე,
რომელმაც გამოხვეტა
როიალების თეთრი კილომეტრები,
სულ ბუმბულ-ბუმბულ დააწიოკა
ვერცხლისფერი კორდებალეტი
და შემატოვა საზეიმო განწყობილებით
გაოგნებული ადამიანები,
რომლებიც ისე უყურებდნენ ერთმანეთს,
თითქოს მათ შორის მხოლოდ
ეთიკეტის მთები იყო
და გულგრილობის ყინულოვანი ოკეანე,
მე კი ჯიუტად ვიმეორებდი,
რომ ორ კაცს შორის უმოკლესი მანძილი
სწორი ხაზია.
ვინ გაპატიებს საკონცერტო განწყობილების
გაბათილებას აქსიომით?
ისღა დაგრჩენია, საკუთარი ხერხემლით
სწორი ხაზი გაავლო მიწაზე,
თქვენ ორს შორის,
საწოლი ქვა-ღორღიანი გექნება,
როგორც მეომარს,
რომელსაც ეშინია, არ ჩათვლიმოს
გადამწყვეტი ბრძოლის წინ...
სამაგიეროდ, გზა, თითქმის, გაყვანილია,
ხეები-ღა რჩება დასარგავი,
მაგრამ თვალს მოაშორებ თუ არა,
წრფე ცოცხალი ადამიანივით
წელს აითრევს და მიწას მოწყდება,
რა თქმა უნდა ვიღაცეები მიეშველებიან,
როგორც ხეიბარს, მხრებში ამოუდგებიან
და ზედ შენს გულზე გადაივლის
ის ლარივით სწორი გზა...