ბალადა შაკიკზე

ყველაზე მწარე მოგონება ბავშვობის _
როგორ მოდიოდა ჩემთან
ზაფხულის ცხელი დღე,
შუბლს ამხდიდა სახურავივით
და მზესუმზირას ყვავილს
ჩამიტენიდა თავში...
თუ დედაჩემი მოასწრებდა
და ჩვენს შორის ჩადგებოდა,
ტკივილი უკან იხევდა,
თუ არა და გავარვარებული ჰორიზონტი
კედელივით მიშენდებოდა თვალწინ,
დაუნგრეველი კედელივით,
რადგან შიგ ჩემი ბავშვობა იყო ჩატანებული...
მთელი სიცოცხლე იდგა დედაჩემი
ჩემსა და ადუღებულ ჰორიზონს შორის
და, ზოგჯერ, ახერხებდა
სველი ტილოდან
გარეცხილი ფანჯარასავით კრიალა
გრილი დღე ამოეყვანა,
ვეღარავინ შველის
ჩემს ტკივილს,
(გინდა, ჰორიზონტის კედელთან გიბრძოლია,
გინდა, ქარის წისქვილებთან)
მათ შორის ან დედა უნდა იდგეს,
ან პოეზია
და ორივე შემთხვევაში
მადლიერი ვიქნები ბედის,
ოღონდ, ამ ბოლო დროს, შიში დამჩემდა,
ფანჯარას რომ გავაღებ,
ყინული არ ჩამივარდეს გულში.
(იქაც მზესუმზირების ცეცხლი თავში)
და სამოთხეში ვინ შემიშვებს ამხელა ტკივილით,
ჯოჯოხეთისთვისაც ვერ გამიმეტებენ,
ამიტომ სადმე შუაში გავჩერდები,
ვარსკვლავივით,
ჩემს შვილს გზას გავუნათებ...