ბედნიერი სონეტი

გინდა უმღერე, გინდა ყელი უღერე მთვარეს,
ბროწეულები აფრიალე ბაირაღივით,
რაც გინდა ტაძარს შეადარე გულ-მკერდის თაღი,
არ გამოგივა უწვალებლად არც ერთი პწკარი.
ჯიშით და სისხლით და მუსიკით აღსავსე გვარი
აბრუნე დიდხანს, წოდებითზე შეჩერდი ბოლოს,
ძეო და შვილო, ღმერთის ცეცხლო, ფიქალო, ბროლო,
სიხარულისთვის მოვლენილო, შემცდარო მწარედ...
რას მოელოდი, ზეიმების წითელ აკიდოს,
მითების გულში ბრინჯაოთი დაფერილ კრავებს?
შენ კიდევ, სისხლით, ჩაქცეულით აგევსო თავი,
მერე, თვალი რომ გაახილე, მზე იყო შავი,
მაინც მზე იყო, თან ათბობდა, თან ანათებდა,
იქნებ, ყველაზე ბედნიერი მაშინ იყავი...