0 315

გუშინ ჩვენი ვახშამი დამესიზმრა


გვიან დავბრუნდით, წამლის და შიშის
ლორწოთი მიწებებულები ერთმანეთს,
მარტო ფეხებს ვიწმენდდით ცალ-ცალკე,
ერთი ტელევიზორი ინფორმაციას უჩვენებდა,
მეორე _ სერიალს,
დედაჩემი რეკავდა,
პირდაპირ, სისხლძარღვებით კრეფდა ნომერს,
ხელები გაუცვდა ჩემი შვილის მოვლაში,
ახლა, მისი ახალგაზრდობა თვალებს ჭრიდა,
მე უფრო მეგუებოდა, გათლილი ვაშლივით.
ლიფტი არ მუშაობდა,
მეთორმეტე სართულის ფანჯრიდან
შენ არ გამიშვი, დანა აიღე
და ჩემი ნევროზის დაჭრა დაიწყე,
როგორც კარტოფილის,
ხახვი უმად იდო,
გუმბათებივით, ჩემი ტირილის გამართლებასავით
გუშინ ეს ვახშამი დამესიზმრა, ისე ტკბილად,
თითქოს არაფერი უკეთესი
არ მინახავს ცხოვრებაში.
კომენტარები (0)