დაკარგულივით დავდივარ ..


დაკარგულივით დავდივარ,
მენატრება ტყე,
რომელშიც სახე ჩამივარდა,
ისე გულმოდგინედ ვუყურებდი
ნიჟარებში შედედებულ რძეს
და ბალახის გმირობას
ასფალტის კუნძულებთან მიმართებაში...
ფერმკრთალი სახე,
რომელიც მთელი ბავშვობა
აიძულებდა დედაჩემს
ჩემს ჰემოგლობინზე ეზრუნა,
ქიმიური ფანქრით დაიხატა ხელმეორედ.
ვის რად უნდა ასეთი საჩუქარი
ჯანსაღ ჰაერთან ერთად?
აშკარად მოთვალთვალე სახე?
რომ უფსკრულში არ გადაიჩეხოს?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი