მთელი დღე ჩემს სხეულში..


მთელი დღე ჩემს სხეულში
შხამის წვეთივით ჩავარდნილი
საათის მექანიზმი მუშაობს,
მთელი ღამე ვიღაც მომდევს
და ვერ გავრბივარ.
რადგან მაჯლაჯუნებით სავსე ტომარას
მივათრევ ზურგით...
ჩემს გვერდით კაცს ძინავს,
რომელიც ვერანაირი სიყვარულის გამო
ჩემს სიზმარში ვერ შემოვა
და განსაცდელს ვერ ამარიდებს,
თუნდაც იმიტომ, რომ მისი ძილი
წითელი ხორციანი ვარდებით არის შემკული,
ჩემი _ თმის ძირებზე დაკიდებული ღამურებით,
დილას უფსკრული მათ შორის
მატყუარა სიტყვებით ივსება,
სიზმარი კი სიმართლეა _ მუნჯი
და ისეთი შეუვალი, როგორც
კანონების კრებული,
რომელსც დედა თუ შეარყევს,
მაგრამ დედა შორსაა
და ავადმყოფობით დაუძლურებული,
ღმერთი კი მწამს, მაგრამ ისე არა,
რომ მიშველოს
და, მაინც ველოდები გათენებას,
როცა გაურეცხავ ჭურჭელს,
ჩემს ფაიფურის ძეგლს
წყლის ჭავლი გადაევლება _
ყველაზე ძვირფასი სულიერი
გამოყრუებულ სახლში
და, ცოტა ხნით მაინც, მაფიქრებინებს,
რომ არ შეიძლება ვიღაცას არ ვახსოვდე
ამხელა ქალაქში, ამხელა ქვეყანაში,
ამხელა დედამიწაზე...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი