0 176

მიქელანჯელო


ზაფრანას ყვავილი მზეზე რომ გახუნდება,
ისეთი ფერის ქალაქში დავდივარ
და სულ მგონია, რომ ვუყურებ ფილმს,
სადაც ორგიების და კატასტროფების
სისხლიან ფონზე, როგორც ეკრანზე,
გარბიან უნატიფესი ფაიფურის მადონები
და ერთმანეთში იხლართებიან
სპარსული ხალივით მოხატული ავაზები,
ცხენების თეთრი მკვრივი გავები,
ამობურცული ხორცის ოქრო
და კანის გარსი, რომელიც ანთია
რძეში ჩაყრილი ჭორფლის მარცვლებივით
და მუხრუჭების კივილის ანარეკლი _
სისხლის ტერაკოტა, მუქი წითელი...
და მე არ მესმის,
როგორ დადის ხალხი ქუჩაში,
როგორ ბანალურად ჭამენ და სვამენ
და მაღაზიების თვალისმომჭრელ ვიტრინებს უყურებენ,
მაშინ, როდესაც
სისხლისფერი ეკრანებიდან, მანქანების ფარებიდან,
სანტა კროჩეს გამშრალი ხორხის
საკვირაო ვიბრაციიდან,
მსხვილი პლანით მიახლოვდება
და თვალს მჭრის
ასიმეტრიული ლანდი მიქელ ანჯელოსი;
ხელისგულებზე მიჭედილი ორი გუგა,
შავი და ელვარე,
სხვა არაფერი...
ჰაერის უმცირეს მონაკვეთში
ქვასავით შეკრული სწრაფვა და თვალი...
და მამლის ყივილამდე
ბრინჯაოს ფორმებით აფორაჯებულ
სივრცეში ქრება...
და ფაიფურის უმწეო სიფრიფანა მადონებზე,
მქრქალ წმინდანებზე
ნადირობის მამაკაცურ, მყვირალა ძოწზე
აღზევდება ის, ერთადერთი,
უზარმაზარი თეთრი დავითი,
რომლის უნაკლო და თბილ ფორმას,
როგორც ფუტურო ჭიქას წყალი,
ისე გაჭედავს ორღანის გუგუნი...
ზაფრანას ყვავილი მზეზე რომ გახუნდება,
ისეთი ფერის ქალაქში დადის მიქელანჯელო...
კომენტარები (0)