0 59

მუსიკა – ლექსო თორაძეს


როიალი რომ გადმოაგდონ ფანჯრიდან,
ქრომატული გამების ეკლებით იკივლებს,
თუ მელოდიის ვარდით?
ჩემო ვარდისფერო მეზობელო
ბენუარის ლოჟიდან!
ცოტა ხანს მოიწყვიტე
საკუთარ ხორცზე მიშტერებული თვალი
და შეხედე მუსიკას!
მოსმენა მცენარესაც შეუძლია
შეხედე, როგორი მგრძნობიარეა
როიალი, ახდილი თავიდან
ტვინი მოუჩანს, მოოქროვილი -
ნაცრისფერი ნივთიერების
საკონცერტო შესრულება...
შავი, განიერი ზურგი, ზედ ნერვები
თავიდან გადაუნერგეს, კბილებიდან,
სულ შორს რომ წავიდეთ,
სადაფის პარიკებიდან?
თუ, ვახშმად, სისხლიანი ძეხვი შეჭამა,
ნიორი დააყოლა და ისეთ მუსიკას
გიხრახნის ყურში, იმდენ ნემსებს
ხავერდის ლოჟაში, ვეღარ დაეყრდნობი,
ჩამოგატეხავს მოაჯირის ყოველგვარი
შესაძლებლობას
მხოლოდ, სწორი ხაზები,
ტკივილთან წილნაყარობის გამო!
რა ნერვები გადაიწყო ზურგზე,
ვინ წაიყვანს მუსიკას რენტგენზე?
სარგადაყლაპული ვეგეტარიანელი
თუ მჟავე მელომანი?
არც არავინ, როცა თვითონ შეუძლია
ფეხაკრეფით კი არა,
მძაფრად შევიდეს სახლში, სივრცესავით,
თითქოს, კარები ჩამოიღო ანჯამებიდან
კომენტარები (0)