ოდა წყალს


არა უსათუოდ მაშინ, როცა
უდაბნოში ხარ და წყურვილით კვდები,
ან როცა მიწის გორახებს
ცეცხლი ეკიდება,
არამედ თუ არც გცხელა
და არც გწყურია,
უბრალოდ გინდა თვალს წყალი დაალევინო
(ნეტა, რომელიმე სხვა ენაში
თუ არსებობს ასეთი გამოთქმა?)
და რუს ან მდინარეს მიაშურებ,
შეგიძლია ცუდი სიზმარი უამბო,
წაიღებს, წყალს გაატანს,
წელიწადში სამ მოსავალს მოგიყვანს,
მაგრამ თუ მწირი ბუნება გაქვს,
რომელშიც იფქლი
ოქროს ხვავად ვერ გაღვივდება,
ისევ წყალი გიპატრონებს,
თბილ და ნათლისმცემელ ტალღებში
მიგიღებს,
რადგანაც ყველა მდინარეში
იორდანეს გენი მეორდება...
მოუხდება კიდეც
მის კეთილ ნაპირებს
თვითმკვლელის მანებიანი თავშალი...
წყალი მსახურია,
თავმდაბალი და მუნჯი,
ის ყველაზე პატარა ბალახსაც
ემსახურება...
მართალია, თუ მოინდომა,
პიტალო კლდეს ენით ალოკავს,
და საძირკველს დაურღვევს
არა წყალდიდობის დროს,
არა როგორც მოძრავი უძრავს,
არამედ წვეთ-წვეთობით,
ისეთი მოთმინებით,
როგორც ქალი მშობიარობის ტკივილებს
იტანს,
ხოლო მამაკაცი მოვალეობის ციხეში
იტანჯება,
რადგანაც მასზე ძლიერია სურვილი
თვალს წყალი დაალევინოს...
იფიტება, კლდე, იფშვნება,
მის ადგილს წყალი იკავებს,
ყველანაირი ღრმულის ამომვსები
და გამაკეთილშობილებელი,
ქალივით დამყოლი და თვინიერი,
წყალი მსახურია,
თავმდაბალი და მუნჯი,
ის ყველაზე პატარა ბალახსაც
ემსახურება...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი