როგორ დამღალა წვრილმანებმა უსახო ყოფის..


როგორ დამღალა წვრილმანებმა უსახო ყოფის,
უმნიშვნელობამ, უმწეობამ, უსახლკარობამ,
ვიტოვებ იმედს, რომ სიზმარში გავიპარები,
ანდა კედლიდან ჟანგიანი გაისვრის თოფი
და აყვავდება ჩემი სისხლი ზამთრის ბაღივით,
გავახსენდები მაშინ ყველას, ვინც მიმატოვა,
როგორც კიბეზე ავდიოდი, ისე მარტივად,
გადმოვიხედავ ჩემს ქალაქში ზეცის თაღიდან.
მზერაზე უკვე შემომავლეს ნისლის არშია,
ზემოდან, ოდნავ, შემირბილეს ის ჯოჯოხეთი,
წიგნებს რომ წვავენ და პოეტებს კუპრში ხარშავენ,
აღარაფერი არ გვიშველის, ღმერთო, მოგვხედე!
ვიოლინოთი გაანელე რიტმი მარშების
და ყველაფერი დანარჩენი ქარმა მოხვეტოს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი