როცა შენი არავის ესმის..


როცა შენი არავის ესმის,
თითქოს, უცხო ენაზე ლაპარაკობ
და გგონია, რომ თვალები დაგთხარეს
და ბნელ ხაროში ჩაგაგდეს,
საკმარისია, ერთმა კაცმა შეგამჩნიოს
და მისი სიტყვები
თეთრი წვრილი ძაფივით ჩამოეკიდება სიბნელეში...
თითქოს ბავშვობის რვეულიდან
ამოხეული ქაღალდის თვითმფრინავში ზიხარ
და ფეხდაფეხ მიყვები იებს...
და გინდა ბრმა კაცის და მოძალადის
გააფთრებით შეეხო ყველაფერს,
რასაც წინათ მხოლოდ უყურებდი
და კმაყოფილი იყავი,
მაგრამ ახლა
ხელის მტევანს თუ მოიკვეთ
და გადააგდებ,
რომ მიწის განცდა
ჭუჭყის შავი არშიებივით გაგიჯდეს ფრჩხილებში!
და დაუბრუნო იმ კაცს სიტყვა,
ხავერდივით ღრმა და ისეთი ფერის,
თითქოს ქაღალდის თვითმფრინავში ზიხარ
და ფეხდაფეხ მიყვები იებს...
შეიძლება, ამ ბოლო სიტყვამ
გადაწყვიტოს შენი ბედი
და მოგკლას კიდეც
და იწვები მუხის კუბოში
სათნო და მწყაზარი მკვდარი,
ჭუჭყის ვულგარული შავი არშიებით ფრჩხილებში
(მაინც შენებური გააკეთე,
ბოლო რიტუალის საზეიმო ელფერიც შეამღვრიე)
და კაცი აღარ გეყოლება კეთილმოსურნე,
რა იციან, რომ სიკვდილის წინ
მიწას ფხოჭნიდი,
ხეებს შეასკდა ქაღალდის თვითმფრინავი
და გაწყდა თეთრი წვრილი ძაფი,
ორი მარტოობის შეერთების
ბოლო შესაძლებლობა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი