0 126

სიმართლის სონეტი


სიმართლის ძებნას ქალამანი ჭირდება რკინის,
იქნებ, ლითონის სიმტკიცისა გვჯერა და ვცდებით,
ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავლახე, ვიხილე ცები:
ეთეროვანი, თაღოვანი და, ბოლოს მინის,
რადგანაც ჩემს ტვინს შემოფარგლულს შუბლით და თმებით,
სჭირდება ბოლო, გონიერი და ნივთიერი -
გინდა ოლიმპო, გინდა ღმერთი და გინდა ჭერი,
რაც უნდა ღებო ფანტაზია და შალო ფრთები,
ბოლოს რაღაცას, მაინც უნდა მიეყრდნო თავით,
ეს რომ არ მოხდეს, რომ გაბედო და ოქროს კვეთი
სულ დაანგრიო შენს სხეულში, ამებასავით
დაკარგო ხაზი, შემომწერი შენი სისავსის,
იქნება, მაშინ დაინახო სინათლე ხავსის
და გულაბ მსხალში ჩაშაქრული სიმართლის წვეთი...
კომენტარები (0)