1 219

ყველაზე შეუსაბამო დროს იწერება ლექსები..


ყველაზე შეუსაბამო დროს იწერება ლექსები,
როცა ყოფა ისე დაგაწვება,
როგორც მტვირთავს საკუთარი კუბო,
ყველანაირ კარადაზე მძიმე,
რომელიც თავის სიცოცხლეში უთრევია...
ან უახლოესი ადამიანი გაწყენინებს,
ან ტკივილის სალტე ისე მოგიჭერს,
რომ გათავდა, მეთორმეტე სართულიდან უნდა გადახტე...
ამის ნაცვლად, თითქოს წვიმა გინდა გადაიკარო,
შენს ბუნაგში შეიკეტები,
საჩვენებელ თითს შაქარყინულივით ჩაიდებ პირში
და წაუწვები შენს ტკივილს...
ეკეკლუცები კიდეც მას,
რადგან ყველა ადამიანი ცოტათი მაზოხისტია.
ზოგჯერ კი საწერ მაგიდასთან ზიხარ,
კოხტად ჩაცმულ-დახურული,
არაფერი არ გაწუხებს, პირიქით,
მშვენიერ ხასიათზე ხარ,
მაგრამ ტვინი ისე გეყინება,
თითქოს ტელევიზიის პროგრამის გარდა
არაფერზე არ გიფიქრია შენს სიცოცხლეში...
მაგრამ როდესაც თავი მტკივა,
როცა მამაჩემის კუბო დგას ოთახში,
როცა ჩუტყვავილა ისე დაასვირინგებს ბავშვს,
თითქოს შავ ანგელოზებს ეთამაშება,
საბოლოოდ ვრწმუნდები,
რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე ტკივილია
და წამლის ძებნა
დედისთვის, შვილისთვის, მეგობრისთვის,
მაგრამ არა საკუთარი თავისთვის,
რადგან ტკივილიდანაც იქნებ რამე გამოდნეს!
საკვირველია, როგორ ეტყუპებიან ასე
ვაჭრული გამორჩენის ნიჭი და ხელოვნება,
უმაღლესი გაჭირვების ჟამს
ბუნაგში რომ შეგაგდებს,
სალოკ თითს პირში ჩაგადებინებს
და ისეთ სინონიმებიან _ ხატოვან ლავას
ამოგიფრქვევს პირიდან, რომ გეშინია
საწერი მაგიდა არ გადაბუგოს
თავის ქაღალდებიან-წიგნებიანად...
კაპიკის ფასიც არ ექნებოდა ჩემს სიცოცხლეს,
რომ ყველაზე შეუსაბამო დროს
არ იწერებოდეს ლექსები...
კომენტარები (0)